EXCLUSIVE - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა ატესტაციის შედეგები გამოაქვეყნა. საატესტაციო კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამება დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი ნიკალა ფიროსმანაშვილი და კიდევ 5 თანამშრომელი.
ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, კომისიის წევრებმა სამსახურის უფროსს 34 შეკითხვა დაუსვეს. მათ შორის, სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის სტრუქტურისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესახებ. ასევე, საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ", ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონიდან.
ფიროსმანაშვილმა ისეთ კითხვებსაც ვერ გასცა პასუხი, როგორიცაა: ვისი ფუნქციაა სახანძრო უსაფრთხოება, რა არის სახანძრო უსაფრთხოება, რა შედის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ფუნქციაში და როგორი განმარტება აქვს "ხანძარს"?...
ამ ფაქტს გამოხმაურება მოჰყვა დედოფლისწყაროელებში და უკვე გაკეთდა სხვადასხვა სახის შეფასებები. მოქალაქეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით დედოფლისწყაროს საკრებულოს ექს-თავმჯდომრის თენგიზ გონაშვილის კადრებისგან გაწმენდა ხდება. როგორც ცნობილია, ნიკა ფიროსმანაშვილი გონაშვილის დისშვილი გახლავთ და ამ თანამდებობაზე სწორედ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში დაინიშნა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ გასაუბრების დროს გუბერნიის წარმომადგენლები კითხვებს იმდენად ირონიულად და აგრესიული ტონით სვამდნენ, ბევრი მათგანი ძალიან დაიბნა, ნაწილმა კი თავი დამცირებულად იგრძნო და კითხვებზე სწორი პასუხი შეგნებულად არ გასცა.
მეხანძრეებმა ატესტაცია მიმდინარე წლის 23 ივლისს გაიარეს. როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, გასაუბრებაში ჩაჭრილი თანამშრომლები ამიერიდან მუშაობას მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით გააგრძელებენ, რამდენიმე თვეში კი ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი გამოცხადდება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий