понедельник, 8 августа 2011 г.

დედოფლისწყაროს ცენტრში ომში დაღუპულთა მემორიალის ადგილი აკურთხეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმა აგვისტოს მოვლენები გაიხსენეს. დედოფლისწყაროს ცენტრში, იმ ადგილას, სადაც მამულისთვის თავდადებულ გმირთა მემორიალი უნდა აღიმართოს, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღოლმა - დეკანოზმა ნიკოლოზ ლომსაძემ 8 აგვისტოს ცხინვალში დაღუპული დედოფლისწყაროელი ვაჟკაცების - გოჩა ილურიძის, თეიმურაზ ბერიძის და გიორგი აბიათარის სულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და ადგილიც აკურთხა.

ცერემონიას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი, გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი, შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსი გელა ბუნტური, მათი მოადგილეები, საკრებულოს წევრები, სხვა საჯარო მოხელეები და სამართალდამცველები თითქმის სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ. მათ გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

,,ამ მემორიალზე ყველა იმ დედოფლისწყაროელი ვაჟკაცის გვარი–სახელი ამოიტვიფრება, რომელიც ომში დაიღუპა," – აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.

ინტერნეტ–გაზეთ „ქიზიყის“ ინფორმაციით, დედოფლისწყაროს ცენტრში ომში დაღუპულ გმირთა უკვდავსაყოფად სპეციალური მემორიალის ასაგებად დედოფლისწყაროს საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 000 ლარი გამოყო. მემორიალის ესკიზი წინასწარ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩევა. "ქიზიყის" ხელთ არსებული წინასწარი ინფორმაციით, მისი მშენებლობა რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს. /ქიზიყი/

* * *
სოფელ არხილოსკალოსა და ზემო ქედს ახალი რწმუნებულები ჰყავს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკონკურსო–საატესტაციო კომისიამ რწმუნებულების ვაკანტურ ადგილებზე კანდიდატურები წარადგინა. კომისიის გადაწყვეტილებით, სოფელ ზემო ქედის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად ვლადიმერ პაპიაშვილი დაინიშნა, ხოლო სოფელ არხილოსკალოს რწმუნებულად შალვა ხორნაული.
ორივე კანდიდატურა მანამდე ამავე სოფლების ტერიტორიულ ორგანოში სპეციალისტად მუშაობდა. გამოთავისუფლებულ ადგილებზე კი სპეციალისტებად არხილოსკალოში გიორგი ციგროშვილი წარადგინეს, ხოლო ზემო ქედში ვაჟა ჩოხელი.
შეგახსენებთ, არხილოსკალოსა და ზემო ქედის რწმუნებულები სოსო კვირტიძე და ბეჟან სუხაშვილი რამდენიმე თვის წინ საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდნენ. სავარაუდო ვერსიებზე „ქიზიყი“ თავის დროზე უკვე წერდა. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий