воскресенье, 7 августа 2011 г.

სათნოების სახლის ბინადრები მენიუში ბოსტნეულის შეტანას მესამე წელია ითხოვენ

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროს სათნოების სახლის ბინადრები მენიუში ბოსტნეულის შეტანას უკვე მესამე წელია უშედეგოდ ითხოვენ. უმწეო მოხუცების უკმაყოფილებას ის ფაქტი იწვევს, რომ მერამდენე წელია სათნოების სახლის ხელმძღვანელობა მათ ზამთარ-ზაფხულს უცვლელ მენიუს სთავაზობს.
"ქიზიყის" ინფორმაციით, სოციალურად დაუცველთა დიდი ნაწილი მერამდენე სეზონია ბოსტნეულის მირთმევას ვერ ახერხებს, რადგან პომიდორის, კიტრისა და ბადრიჯნის შესაძენად საჭირო ფული არ აქვთ, სათნოების სახლის რაციონში კი ბოსტნეული საერთოდ არ შედის. "ნაციონალური მოძრაობის" უფასო კვების სასადილოს მენიუდან უკვე რამდენიმე თვეა ამოიღეს ხილი და ხილის კომპოტიც.
,,წარმოიდგინეთ, მეორე სეზონი ისე გადის, რომ ბევრი ჩვენგანი ბოსტნეულს საერთოდ ვერ აგემოვნებს. არადა, ორგანიზმმა ვიტამინები სწორედ ბოსტნეულიდან უნდა მიიღოს, ჩვენ კი გამოფიტულები ვართ... მენიუ რომ წინასწარ გაწერილია და დარღვევა არ შეიძლება, ეს გასაგებია, მაგრამ ხომ არ შეიძლება ზამთარ-ზაფხულ პირუტყვებივით ერთიდაიგივე საკვები უცვლელად გვქონდეს... ზაფხულობით გაცილებით დიდი არჩევანია, ჩვენ კი ბოსტნეული გვენატრება. არც დიდ თანხებთან არ არის დაკავშირებული ბოსტნეულის შეძენა და გაუგებარია პომიდორს და კიტრს მაინც რატომ არ გვიმატებენ, რომ ადამიანმა პირი ზაფხულობით მაინც გაისველოს... მესამე წელია ვითხოვთ და ყურს არავინ იბერტყს," - აცხადებენ კვებით უკმაყოფილო ბენეფიციარები.
ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" სათნოების სახლის მენიუს გაეცნო. ის დღეების მიხედვით არის გაწერილი და ყოველკვირეულად მეორდება. მშრალად მოხარშული ცარიელი მაკარონი, შემწვარი ვერმიშელი, ბრინჯი... და რამდენიმე სახეობის წვნიანი საკვები.
მიუსაფარი მოხუცები აცხადებენ, რომ ყოველდღიურად ხილის კომპოტსაც აძლევდნენ, თუმცა ბოლო დროს კომპოტი ამოიღეს და ჩაი დაამატეს:
,,მოხარშული ვაშლის წვენს გვასმევდნენ ხოლმე, რომელსაც სიტკბო საერთოდ არ ჰქონდა, მაგრამ ხილის წვენი მაინც ერქვა, ახლა კი ეს ე.წ. "კომპოტიც" ამოიღეს... ხან ვაშლის ნაფცქვენს ხარშავდნენ და იმას გვასმევდნენ... ტელევიზორში რამდენჯერაც სააკაშვილი გამოჩნდებოდა, ჩვენი ყოფილი დირექტორი ნუნუ თათარაშვილი ხელს გაიშვერდა და ასე დაგვჩხაოდა, ეგე მაგას უმადლოდეთ რომ ლუკმას გაჭმევთ, გაჩუმდით, სულ მშივრები არ დარჩეთო,"... - აღშფოთებას ვერ ფარავენ მოხუცები.
200-მდე სოციალურად დაუცველის პრეტენზიებთან დაკავშირებით, სათნოების სახლის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ წინასწარ თბილისში შედგენილი და დამტკიცებული მენიუს შეცვლის უფლება არ აქვთ. მათი თქმით, ყველაფერი გეგმიურად არის გაწერილი და საკვების შეძენა პერიოდულად ტენდერის გამოცხადების შედეგად ხდება, რაც საკმაოდ ბევრ პროცედურას მოითხოვს. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий