დედოფლისწყაროს პოლიციაში 9 წლის ბავშვი დაკითხვაზე მეოთხედ დაიბარეს. პოლიცია მოზარდს რკინის კასრის ქურდობაში ადანაშაულებს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სამართალდამცავებს მოზარდი რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული და ნებართვის გარეშე გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ.
ამასთან, პოლიციის თანამშრომლებმა მოზარდი მშობლების გარეშე დაკითხეს, თუმცა პოლიციის სამმართველოში ბავშვის დაკითხვისა და დაკავების ოფიციალური ოქმი არ აქვთ.
პოლიციის ინფორმაციით, 9 წლის ბავშვმა და მამამისმა დედოფლისწყაროს გარეუბანში, ერთ - ერთი საწარმოს ეზოდან რკინის კასრი მოიპარეს. „ჩვენ ქურდობის შესახებ ელევატორის მეპატრონემ ტარიელ ქურხულიშვილმა შეგვატყობინა. პოლიცია შემთხვევის ადგილზე გავიდა და გამოძიება დავიწყეთ“, - აცხადებენ დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში.
საპირისპიროს ამბობენ ბავშვი და მისი მშობელი. მათი თქმით, რკინის ძველი კასრი მიტოვებულ ადგილზე იპოვეს და მის ჯართში ჩაბარებას ცდილობდნენ, როცა პოლიციის თანამშრომლები დაადგნენ და დაემუქრნენ, რომ თუ ქურდობის ფაქტს არ აღიარებენ, მოსალოდნელ სასჯელს დაუმძიმებენ.
დედოფლისწყაროს პოლიციის საქმიანობაზე ზედამხედველობას სიღნაღის პროკურატურა ახორციელებს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დედოფლისწყაროს პოლიცია ბავშვებს უკანონოდ და უსაფუძვლოდ აკავებს, თუმცა რაიონული პროკურორი დავით კოჭლამაზაშვილი არცერთი ფაქტით არ დაინტერესებულა.
სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსით დანაშაულზე პასუხისმგებლობა 14 წლის ასაკიდან დგება.
ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი დედოფლისწყაროში მუშაობს და სპეციალურ რეპორტაჟს ხვალ შემოგთავაზებთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий