EXCLUSIVE - ქალაქ დედოფლისწყაროსა და სოფელ არბოშიკში 30-ამდე ადამიანს სასწრაფოდ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა. ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკა მას შემდეგ გაჩნდა, რაც დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე მცხოვრებ პოპიაშვილების ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვები კატამ დაკაწრა. დაკაწვრიდან მეორე დღეს ოჯახის წევრებმა კატა მკვდარი იპოვეს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად კი მას ცოფი დაუდგინდა.
6 წლის რომან მიქაუტაძე ცოფის კლინიკური ნიშნებით ამ დროისთვის თბილისშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ის სტაციონარულ მკურნალობას განაგრძობს.
როგორც დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულ ცენტრში "ქიზიყს" განუცხადეს, რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებზე შესაბამისი მეთვალყურეობა დაწესდა.
,,მაწანწალა კატა იყო, რომელსაც ბავშვები ეთამაშებოდნენ. პატარების დედა ექიმია და საბედნიეროდ, დაკაწვრის შემდეგ დროულად მოგვაკითხეს. მიკროსკოპიული ანალიზით თბილისის ლაბორატორიამ ცოფი დაადგინა... გვიან ღამემდე აცრებს ვაწარმოებდით, ახლაც იქ ვიმყოფები და მუშაობას ვაგრძელებთ. თავდაცვის მიზნით, ყველა ის ადამიანი აიცრა, ვისაც კატასთან და ბავშვებთან რაიმე სახის შეხება ჰქონდა. ანალოგიური ფაქტი მოხდა სოფელ არბოშიკშიც, სადაც კატამ ბავშვი დაკაწრა. ამ შემთხვევაში კატა ცოცხალია და ცოფი არ დადგენილა, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით, მათი ოჯახის წევრებიც მასობრივად ავცერით. ვეტერინარიის სამსახური დაუყოვნებლივ შემოიტანს შესაბამის ვაქცინას და ცხოველების მასობრივ აცრებს უახლოეს დღეებში დავიწყებთ," - აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრის დირექტორის მოადგილე ლალი ალადაშვილი და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წელს ცოფის ადამიანზე ან ცხოველზე აღმოჩენის ფაქტი დედოფლისწყაროში არ გამოვლენილა და ეს პირველი შემთხვევაა.
როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" განუცხადა, მიმდინარე წელს დედოფლისწყაროში ცოფთან ბრძოლის პროგრამა 11 350 ლარით დაფინანსდა. პროგრამას ჯანდაცვის რაიონული ცენტრი ახორციელებს და მასში ანტირაბიული კაბინეტის ფუნქციონირებაც შედის. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий