სოფელ არბოშიკის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს რობიზონ დათუკიშვილსა და სპეციალისტს მაყვალა ბუკიას მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" ადგილობრივი კოორდინატორის დაშინებაში და ზეწოლის განხორციელებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ბუკიამ მათი პარტიის სოფელ არბოშიკის კოორდინატორ ანა ჯინაშვილის დაშინება იმ დროს სცადა, როცა სოფელში ხელმოწერების შეგროვებას ცდილობდა: ,,რას დადიხარ, აქ რა ხელმოწერებს აგროვებო? არ გეშინია, რომ პოლიციამ დაგიჭიროს და შენს შვილსაც პრობლემები შეექმნას, აბა დაფიქრდიო... იცოდეთ, უმუშევრები დარჩებითო... მომთხოვა, ხელმოწერების შეგროვება შემეწყვიტა," - აცხადებს ოპოზიციური მოძრაობის არბოშიკის კოორდინატორი ანა ჯინაშვილი.
სოფელ არბოშიკის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი მაყვალა ბუკია ადასტურებს, რომ ხელმოწერების შეგროვების დროს ჯინაშვილს მართლაც შეხვდა, თუმცა მუქარის ფაქტებს უარყოფს: ,,დამაინტერესა და ვკითხე რატომ აგროვებ ხელმოწერებს-მეთქი... არ დავმუქრებივარ, უბრალოდ ვკითხე. ბუკია ხმამაღლა აგრესიულად დამყვიროდა. სოფლის რწმუნებულმა კი თავისი შენობის წინ გამაჩერა და ზეწოლა სცადა. ისე შემეშინდა, ძალიან ავნერვიულდი მთელი ღამე ვერ დავიძინე," - აცხადებს ბუკია.
მოძრაობა "თავისუფალი საქართველო" მომხდარს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის მცდელობად და ზეწოლად აფასებს და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ოპოზიციური მოძრაობა დედოფლისწყაროს რაიონის ყველა სოფელსა და დანარჩენ რაიონებში პენსიის 100 დოლარამდე გაზრდის მოთხოვნით მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებას უკვე მერამდენე დღეა განაგრძობს. ქვეყნის მასშტაბით 30 000 ხელმოწერის მოგროვების შემდეგ, უახლოეს მომავალში, ხელმოწერების პარლამენტში შეტანა იგეგმება. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий