воскресенье, 3 июля 2011 г.

დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლებს დაცლის საფრთხე ემუქრება

დედოფლისწყაროს რაიონი კახეთის რეგიონში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით გამოირჩევა. ახლო წარსულში დედოფლისწყარო საქართველოში ცნობილი იყო, როგორც პურის ბეღელი. ხორბლის მოსავალი ყოველთვის უხვი იყო და გლეხებს შემოსავლის წყარო მუდმივად უზრუნველყოფილი ჰქონდათ. ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო ამჯერად კახელი გლეხები ვეღარ ახერხებენ მიწების დამუშავებას, მიწის გადასახადის გადახდას და სხვადასხვა მიზეზის გამო კარგავენ მიწის ნაკვეთებს. ისევე, როგორც გასულ წლებში წელს მიწების დიდი ნაწილი კვლავაც დაუმუშავებელი დარჩა.
,,მიწები 49 წლიანი ხელშეკრულებით გვქონდა, მაგრამ მერე 10 წლიანად გადაგვიკეთეს. საბუთები მოვაგროვეთ და ყველამ ერთად წავიღეთ ქონების მართვის სამმართველოში, მაგრამ ხელშეკრულებები გაგვიუქმეს და ფურცლები თავზე გადაგვახიეს. ამჯერად პროცესი შეჩერებულია და ვერაფერს ვაკეთებთ. 15 წელი ამ მიწებს ვამუშავებდით, მაგრამ ახლა ისე დავრჩით," - აცხადებენ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები ფერმერები პეტრე ბიკაშვილი, ვალიკო ფიროსმანაშვილი, ზაზა თარაშვილი, კობა პოპიაშვილი და სხვები.
მიწებს უცხოელი ინვესტორები ეპატრონებიან და ქართველი გლეხები საარსებო ლუკმას კარგავენ. დედოფლისწყაროში მდებარე სახნავ-სათესი მიწების საკმაოდ სოლიდური ნაწილი რომ მართლაც ინვესტორებმა შეიძინეს, ამ ინფორმაციას ებრაელი ბიზნესმენების ადგილობრივი კონსულტანტი გიორგი აბულაშვილი ჟურნალისტებთან საუბარშიც არ მალავს.
მისი თქმით, ტარიბანის ველზე უცხოელებმა 1 450 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა იმ მოქალაქეებისგან შეიძინეს, რომლებიც მიწის დამუშავებას ვეღარ ახერხებდნენ. ასევე, ინდოელმა ბიზნესმენებმა შირაქის ველზე 500 ჰა მიწა შეიძინეს. როგორც აბულაშვილი აცხადებს, მოსახლეობასთან მიწების შეძენის თაობაზე მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს და შესყიდვები კვლავაც აქტიურად გრძელდება.
დედოფლისწყაროს სოფლებში ზემო ქედში, არხილოსკალოში, ზვემო ქედსა და სამთაწყაროში მცხოვრები მოქალაქეები ე.წ. დილიჩის ტერიტორიაზე სახნავ სათეს მიწებს ფლობდნენ. ბოლო წლებში საწვავის გაძვირების, ტექნიკის არარსებობისა და სხვა პრობლემების გამო მათი უმრავლესობა მიწების დამუშავებას ვეღარ ახერხებდა. მათი თქმით, 1990-95 წლებში დილიჩის სარწყავი სისტემის ძარცვა მოხდა, რომლითაც საკმაოდ დიდი თანხები იშოვეს მაშინდელმა პოლიციის უფროსმა და რაიონის გამგებელმა.
როგორც დედოფლისწყაროს ქონების და მიწის მართვის განყოფილებაში აცხადებენ, დილიჩაზე მდებარე მოსახლეობის ნაკვეთებიდან 3 050 ჰა მიწა ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა.
დედოფლისწყაროში აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ ეს მიწები აფრიკელმა ბურებმა შეიძინეს, ხელისუფლება კი ამ ფაქტის გასაიდუმლოებას გეგმავს. ამ საკითხის კომენტირებისას დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი ავთანდილ ლეკაშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ეს მიწები აუქციონის წესით გაიყიდა, თუმცა როგორც თავად გაარკვია, დილიჩის მიწები ყაზახეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა შეიძინა.
ამავე საკითხზე დეპუტატების მიერ კითხვა დაისვა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 30 მაისის სხდომაზეც. საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა დეპუტატებს განუმარტა, რომ ამ მიწების გაყიდვით ადგილობრივ ბიუჯეტში თანხები არ შესულა.
აზერბაიჯანის მოსაზღვრე ქართული სოფლების სამთაწყაროსა და ფიროსმანის მოსახლეობის 70% სოციალური პრობლემების გამო მიწის დამუშავებას ვერ ახერხებს. თუმცა, დამუშავებულ სავარგულებსაც ხშირ შემთხვევაში ადიდებული მდინარე ალაზანი ანადგურებს. დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლების მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ამ მონაკვეთზე მდინარე ალაზნის ჯებირები გამაგრებას საჭიროებს. ასეთივე დასკვნა დადეს გარემოს დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის დასკვნაში ნათქვამია, რომ თუკი დედოფლისწყაროში ნაპირსამაგრი სამუშაოები დროულად არ განხორციელდება, შესაძლოა მდინარის ადიდების შედეგად ქართული მიწები აზერბაიჯანს დარჩეს. საფრთხის ქვეშაა ე.წ. კაკლისყურე, რომელიც ვაშლოვანის ნაკრძალის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის.
,,ვეღარც მიწებს ვამუშავებთ, ბოლო წლებში აღარც ვაზი გვიმართლებს, ლუკმა პურს ვეღარ ვშოულობთ. აქ არსებობა უკვე შეუძლებელი გახდა, ისევ აჭარაში დაგვაბრუნონ, იქ ტურიზმი მაინც უკეთესადაა განვითარებული და შვილების გამოკვებას მაინც შევძლებთ. სარწყავი სისტემები ჩვენს სოფელში მთლიანად განადგურებულია, რის გამოც ორი წლის წინ 350 ჰა ვაზი გავჩეხეთ. ხელისუფლებამ ისეთ დღეში ჩაგვაგდო, აქ აღარ დაგვედგომება," - აცხადებენ აჭარის მაღალმთიანეთიდან დედოფლისწყაროში ჩამოსახლებული ეკომიგრანტები მიხეილ ვაშაყმაძე, ვახტანგ აბუსერიძე, თამაზ პილოსიანი და სხვები.
გარდა იმისა, რომ დედოფლისწყაროს მიწებს უცხოელები მასობრივად ეპატრონებიან, საინგილოსთან მდებარე ქართულ სოფლებსაც დაცლის საფრთხე რეალურად ემუქრებათ. ტავის დროზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გასამაგრებლად აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები კვლავაც აჭარაში დაბრუნებას მოითხოვენ.
თამილა გურაშვილი
* * *

დედოფლისწყაროში 28 ჰა ქარსაცავი ზოლი აღდგა

დედოფლისწყაროს რაიონში 28 ჰექტარზე ქარსაცავი ზოლი აღდგა. როგორც რადიო "ჰერეთს" მუნიციპალიტეტის საკრებულოში განუცხადეს, 2010 წლის შემოდგომაზე დაიწყო ახალი პროექტი "გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასთან" ერთად, რაც ითვალისწინებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოსავლიანობის გაზრდას გერმანული მეთოდების დაგეგმვით. სწორედ პროექტის ერთ ერთ- ნაწილი იყო ქარსაცავი ზოლების აღდგენა. გარდა ამისა, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ვარაუდობენ, მიმდინარე წლის ზაფხულში უკვე მოსალოდნელია პირველი დადებითი ძვრები მოსავლის გაზრდის კუთხით.

"მიღწეულია შეთანხმება, რომ გერმანიიდან მოხდება სხვადასხვა სათესლე მასალის ჩამოტანა. ამ პროექტის ფარგლებში 4-ჯერ იყვნენ ჩამოსული გერმანელი ექსპერტები და ასევე მოხდება ადგილობრივი ფერმერების გერმანიაში გამგზავრება გამოცდილების გასაზიარებლად", - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი ანგარიშში, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას რამდენიმე დღეში უნდა ჩააბაროს.

Комментариев нет:

Отправить комментарий