пятница, 1 июля 2011 г.

დედოფლისწყაროში გაჩეხილი ვაზის ადგილს ნუშის ნარგავები დაიკავებს

დედოფლისწყაროს რაიონში გაჩეხილი ვაზის ჩანაცვლების პროექტი მიმდინარეობს, რომელიც ნუშის კულტურის გაშენებას ითვალისწინებს - ამის შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი მოსახლეობისთვის ჩასაბარებელ ანგარიშში საუბრობს, რომელიც 2010 წლის მდგომარეობას ასახავს.
"გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასთან თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილია მცირე მოდელი გაჩეხილი ვაზის ჩანაცვლების ნუშის კულტურით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამთაწყარო- ფიროსმანი-საბათლოს ზონაში ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლებს და საყოფაცხოვრებო პირობებს. ამჟამად მიმდინარეობს ნუშის მსხვილი მომხმარებლის მოძიება ევროპაში", - ამბობს ლევან ბაღაშვილი, რომელიც დედოფლისწყაროს მოსახლეობას 2010 წლის ანგარიშს რამდენიმე დღეში ჩააბარებს. /ჰერეთი/
* * *

"ნიჭიერის" შესარჩევი ტური დედოფლისწყაროში 7 ივლისს გაიმართება

პოპულარული შოუ-პროგრამა "ნიჭიერის" მესამე სეზონის შესარჩევი ტურები იწყება. ამჯერად ქასთინგი თავდაპირველად კახეთის რაიონებიდან დაიწყება. როგორც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის ადმინისტრაციიდან ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" აცნობეს, მიმდინარე წლის 7 ივლისს "ნიჭიერის" შესარჩევი ტური დედოფლისწყაროშიც გაიმართება.
ყველაზე რეიტინგული სახალხო პროექტის პროდიუსერის, ელისო თაბუაშვილის განმარტებით, ისინი ნებისმიერ მსურველს ელიან. ტელეკომპანია "რუსთავი 2" განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანებს ქასთინგზე იხმობს. "ნიჭიერი 3" საკუთარი მონაცემების დემონსტრირების საშუალებას და ფართო მასებისთვის წარდგენის შესაძლებლობას ადამიანებს კიდევ ერთხელ აძლევს.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, მონაწილეთა ასაკი შეზღუდული არც ამ ეტაპზე არ არის, ისინი არც წარმოდგენილი ჟანრების მხრივ შეიზღუდებიან და სრული თავისუფლებით იმოქმედებენ.
მსურველთა რეგისტრაცია ქალაქ დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში, ხუთშაბათს 7 ივლისს გაიმართება და მონაწილეობის მსურველები ადგილზე დღის 12:00 საათისთვის უნდა გამოცხადდნენ. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий