воскресенье, 3 июля 2011 г.

ბებია-შვილიშვილი მთვრალ მესაზღვრეებს შემოაკვდათ?! - თვითმხილველი ავტოავარიის სკანდალურ დეტალებს იხსენებს

ექსკლუზივი>> SCANDAL!... დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვია! როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ სოფელ კაჭრეთში, გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ ავტო-მაგისტრალზე მომხდარ მასშტაბურ ავტო-ავარიას ქალაქ დედოფლისწყაროში მცხოვრები ბებია ნანა არაბულისა და მისი 6 წლის შვილიშვილის ნათია ჩოფიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
"ქიზიყი" შემთხვევის ადგილს ეწვია და თვითმხილველებს გაესაუბრა. ჟიგულის მარკის ტაქსის მძღოლი უბედური შემთხვევის თვითმხილველია. ის გაჩერებაზე 28 ივნისს დილიდან იდგა, რის გამოც ირწმუნება, რომ მოვლენათა განვითარება თავიდანვე დეტალურად დაინახა. გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში ის სკანდალურ დეტალებს იხსენებს.
,,კაჭრეთის რესტორანში 4-5 მესაზღვრე ქეიფობდა. როგორც მათი საუბრიდან ჩანდა ისინი სასაზღვრო სამმართველოში დაწინაურებას აღნიშნავდნენ. სპეციალური ფორმებიც ეცვათ. მალევე, როცა შეზარხოშდნენ ,,პაგონებზე" ვარსკვლავები მოიხსნეს ჭიქაში ჩაყარეს და ღვინოს ასე სვამდნენ. ძალიან ბევრი დალიეს, რის გამოც მაგრად გამოთვრნენ. მალევე ერთმანეთს დაერივნენ. ერთ-ერთს ეუბნებობნენ - უნდა მოგკლათო!... როგორც ჩანს ამ ბიჭს შეეშინდა, სუფრიდან გამოიპარა ტაქსებთან მოვიდა, სიტუაცია აგვიხსნა - მემუქრებიანო თქვა და ერთ-ერთი ტაქსით დედოფლისწყაროსკენ გაეშურა. უტაქტოდ და უხამსად იქცეოდნენ, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს ასე მოქცევა ნამდვილად არ შეეფერება, მითუმეტეს, როცა ფორმა გაცვია და "პაგონებს" ატარებ... მალევე თანამესუფრეებიც გამოვიდნენ და რომ გაიგეს ის ბიჭი წასული იყო, ისინიც მანქანით მთვრალები დიდი სისწრაფით მას გაეკიდნენ. ისევ იმუქრებოდნენ და ამასობაში ეს ავარიაც მოხდა. 4 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. მერე გავიგეთ, რომ ადგილზე ბავშვი დაიღუპა და მისი ბებია მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ფაქტიურად, ისინი რომ დაირივნენ და მთვრალები გაეკიდნენ ავარია ამან გამოიწვია.
როგორც ამბობენ, ბავშვს ბაღი დაუმთავრებია, სკოლაში მისასვლელად ემზადებოდა და ამის აღსანიშნავად ბებიას ის თბილისის ზოოპარკის დასათვალიერებლად მიჰყავდა. შეჯახებაც ამ დროს მოხდა. როგორც ამბობენ, ეს ერთ-ერთი მესაზღვრე დედოფლისწყაროში იმავე კორპუსში ცხოვრობდა, სადაც ბებია-შვილიშვილი. ანუ, გარდაცვლილების მეზობელი იყო და შარშიც მან გახვია", - ყვება ტაქსის მძღოლი.
საუბარში იქვე მდგომი ქალბატონიც ჩაერთო, რომელიც ლაგოდეხში გამგზავრებას ცდილობდა. მან აღნიშნა, რომ შაბათს, 2 ივლისს დედოფლისწყაროში სწორედ ბებია-შვილიშვილის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. ისიც ადასტურებს, რომ ამ ვერსიაზე გაცილებით ბევრი საუბრობს.
ერთ-ერთი მესაზღვრე პირად საუბრებში ამბობს, რომ იმ დღეს მისი თანამშრომლები საქეიფოდ წასვლას მასაც სთხოვდნენ, მაგრამ სხვა საქმეების გამო მან რესტორანში გაყოლა ვერ მოახერხა და უბედურ შემთხვევას ასე გადაურჩა.
28 ივნისს კაჭრეთში ცენტრალურ გზატკეცილზე მომხდართან ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. შეჯახების შედეგად კიდევ 9 მგზავრი დაშავდა, რომელთაგან 1 მძღოლის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო. ის კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ სასწრაფოდ თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ბებია და შვილიშვილი მანამდე დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში ცხოვრობდნენ, ისინი ქალაქ დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე, რუსულ სკოლასთან მდებარე კორპუსებში საცხოვრებლად ახლახან გადმოვიდნენ. გარდაცვლილები 2 ივლისს, შაბათს დედოფლისწყაროში დაკრძალეს.
შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის. ბოლო ერთი წლის მანძილზე დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომელს ავტოავარიაში ადამიანი უკვე მეორედ შემოაკვდა. ამ ხნის მანძილზე მათ სახელზე სამი ადამიანის გარდაცვალება ირიცხება, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი და ერთიც ახალგაზრდა ბიჭია.
სოფელ არბოშიკში მცხოვრები 27 წლის გოჩა მაძღარაშვილი გასულ წელს სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ მაგისტრალზე მიცუბიშის მარკის ჯიპით სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბეში მცხოვრებ 19 წლის ბექა ჯანიაშვილს დაეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის მეგობრებმა "ქიზიყს" განუცხადეს, ბექა ბენზინის საყიდლად ფეხით მიდიოდა, რა დროსაც მას სწრაფად მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.
#4-ე სასაზღვრო სამმართველოში სკანდალები ამით არ ამოიწურება და ბოლო დროს ინტენსიურ ხასიათს იძენს. დედოფლისწყაროელი მესაზღვრეები ხშირად არაადეკვატურ ქცევებში არიან შემჩნეულნი, რაც მათ უდისციპლინობაზე ღიად მიანიშნებს.
ახლახან, დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს ერთ-ერთ საგუშაგოზე ერთ-ერთმა მესაზღვრემ თავისივე თანამშრომელს "პოსტზე" მორიგეობისას ჯერ სახელფასო ბარათი და პირადობის მოწმობა მოჰპარა, შემდეგ მისი კუთვნილი მობილური ტელეფონიდან სახელფასო ბარათის პინ-კოდი მალულად ამოიწერა... სულ მალე კი მისი ხელფასი 1 400 ლარის ოდენობით "საქართველოს ბანკის" სიღნაღის ფილიალიდან მალულად მოხსნა და თანხის მითვისება სცადა. ბარათის მფლობელს კი ეგონა, რომ კარტა უბრალოდ სადღაც დაეკარგა და მისი გაყინვა მოითხოვა. მან მხოლოდ ამ დროს გაარკვია, რომ მის კუთვნილ ბარათზე არცერთი თეთრი აღარ იყო და ხელფასი ვიღაცამ მიითვისა. ეჭვებიც მას შემდეგ გაჩნდა...
როგორც "ქიზიყს" ინფორმირებული წყარო უყვება, ბანკის ადმინისტრაციამ ბარათის მფლობელს ჩანაწერი აჩვენა და ის კადრები წარუდგინა, რა დროსაც მისი ბარათიდან ხელფასის მოხსნას ცდილობდნენ. ამ დროს მფლობელმა მძარცველში საკუთარი თანამშრომელი ამოიცნო. სულ მალე სკანდალი გარჩევაში გადავიდა, ბოროტმოქმედმა პირობა დადო, რომ თანხას მალე აუნაზღაურებდა.
"ქიზიყის" ინფორმაციით, მან დაპირებული თანხა ოდნავი დაგვიანებით, მაგრამ მაინც სრულად დააბრუნა და იქვე დასძინა, სამსახურში გამოსვლას ვეღარ გავბედავ და უნდა წავიდეო... მალევე მან გათავისუფლების შესახებ განცხადება მართლაც დაწერა, თუმცა წასვლის რეალური მიზეზი დამალა... ის განცხადებაში მიუთითებდა, რომ ოჯახური პირობების გამო მუშაობის გაგრძელებას ვეღარ მოახერხებდა.
მისი წასვლის მიზეზებზე "ქიზიყი" დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელს დემურ კეკენაძეს ესაუბრა. ის აცხადებს, რომ ამ სკანდალის შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი და ეს პიროვნება სამსახურიდან საკუთარი სურვილით წავიდა. შესაძლოა, ხელმძღვანელობამ ასე დაწვრილებით მომხდარი მართლაც არ იცოდეს და რეალური მიზეზები თავდაპირველად სწორედ "ქიზიყის" მეშვეობით შეიტყოს. აქვე დავძენთ, რომ ჩვენთვის ორივე პიროვნების გვარი და სახელი ცნობილია, თუმცა ეთიკური ნორმების გათვალისწინებით, უხერხულობის თავიდან ასაცილებლად მათი დასახელებისგან თავს ვიკავებთ. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის დაზარალებულს არ მიუმართავს და შესაბამისად მომხდარზე არც გამოძიება დაწყებულა. თუმცა, ფაქტი აქაც რომ კრიმინალურ ელემენტებს შეიცავს ესეც უდავოა... ასე რომ, დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოში დისციპლინის კუთხით არსებული ვითარება მართლაც დამაფიქრებელია... /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий