ქალაქ დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები უნარშეზღუდული ოჯახი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. II-ე ჯგუფის ინვალიდი ნუგზარ ნატროშვილი და მისი I ჯგუფის ინვალიდი მეუღლე ჟანა ნატროშვილი დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოსაც ემდურის. მათი თქმით, სოც-სააგენტომ მათთვის განკუთვნილი ინფორმაცია მიზანმიმართულად დამალა, რის შედეგადაც ისინი დღემდე სოციალური დახმარების გარეშე რჩებიან და უკიდურეს სიდუხჭირეში უწევთ ცხოვრება.
ორი არასრულწლოვანი ვაჟის დედას ჟანა ნატროშვილს ნერვის ანთების შედეგად ქვედა კიდურების სრული პარალიზება განუვითარდა, რის გამოც საწოლს მიეჯაჭვა. გადაადგილება უჭირს მის მეუღლესაც, რაც მათი ოჯახის ყოფას კიდევ უფრო ართულებს.
,,ინვალიდობის პენსიაც დიდი წვალების და ბრძოლის შემდეგ ახლახან დაგვინიშნეს. წამდაუწუმ დედოფლისწყაროს სოციალურ სააგენტოში დავდიოდით, ჩვენი ოჯახის ვითარება დაწვრილებით იციან. მათთვის ისიც კარგადაა ცნობილი, რომ ჩვენს ოჯახს არანაირი შემოსავალი არა აქვს და ბავშვების გამოკვებას ძლივს ვახერხებთ. ამის მიუხედავად სოციალურ სამსახურს იმაში ვადანაშაულებთ, რომ შეგნებულად შეგვიყვანეს შეცდომაში და არ აუხსნიათ, რომ სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის განკუთვნილი საარსებო შემწეობაც გვეკუთვნოდა. როცა დახმარება ვთხოვეთ, მათ არ უთქვამთ, რომ ყოველთვიური დახმარების მისაღებად განაცხადი უნდა შეგვეტანა. აშკარაა, რომ სოციალური სააგენტო პირადი ინტერესებით მოქმედებს. მიზანმიმართულად შეგვიყვანეს შეცდომაში, რომ ჩვენზე თანხები არ გამოყოფილიყო," - აცხადებენ უნარშეზღუდული ნატროშვილები.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ოჯახის დიასახლისი, წლების განმავლობაში ინვალიდთათვის განკუთვნილი ეტლის არარსებობის გამო ვერც გადაადგილებას ახერხებდა. ქალბატონს ეტლი ახლახან არასამთავრობო ორგანიზაციებმა საჩუქრად გადასცეს. უკვე მერამდენე წელია ისინი ვერც მუშაობას ახერხებენ, რის გამოც კვლავაც შემოსავლის გარეშე რჩებიან.
,,გასულ წელს დედოფლისწყაროს გამგეობა ინვალიდებზე ერთჯერად ფულად დახმარებას გასცემდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ოჯახში 2 ინვალიდია, ეს დახმარება რატომღაც არ შეგვახვედრეს და თანხა ფაქტობრივად დავკარგეთ... გვიან გაგვაგებინეს და მერე აღარ მოგვცეს. წელს კი გამგეობა უნარშეზღუდულებს ელექტროენერგიის გადასახადში ეხმარება. თუმცა, ჩვენ ახლაც დენის დავალიანება გვაქვს, არც ეს თანხა ჩარიცხულა და შესაძლოა, ელექტროენერგიაც შეგვიჭრან და ბნელაში დავრჩეთ," - განუცხადეს "ქიზიყს" ნატროშვილების ოჯახში.
ოჯახის უფროსი ბევრი ყოფითი პრობლემის გადაჭრას მხოლოდ იმ მიზეზით ვერ ახერხებს, რომ გადაადგილება უჭირს. ამის მიუხედავად ამბობს, რომ არაფერს თაკილობს. შვილების გამოსაკვებად ვაჭრობაც სცადა, მაგრამ არც ამან გაუმართლა. ამბობს, რომ ბევრს წვალობს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტის შესაძლებლობას არ აძლევს. უნარშეზღუდულებისა და სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი დახმარება კი მათ ამ დრომდე არც სოციალურმა სააგენტომ არგუნა და არც გამგეობამ. თუმცა, როგორც ნატროშვილები აღნიშნავენ, სწორედ "ქიზიყთან" საუბრის შემდეგ ისინი სოციალურ სააგენტოში საარსებო შემწეობის მოთხოვნით განაცხადს უახლოეს დღეებში შეიტანენ. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий