მოძრაობა "თავისუფალი საქართველო" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. როგორც ოპოზიციურ პარტიაში განმარტავენ, ახლახან ფინანსურმა პოლიციამ ქალაქ დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ყოჩიაშვილი დააკავა. სიღნაღის პროკურატურამ სამსახურის უფროსს 182 და 341-ე მუხლები წაუყენა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს.
პარტიის დედოფლისწყაროს რაიონულ ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ვინაიდან დასუფთავების სამსახური დედოფლისწყაროს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე ზედამხედველობას სწორედ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ახორციელებს, პასუხისმგებლობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს ნიკოლოზ შანშიაშვილსა და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილსაც ეკისრება.
,,აუცილებლად უნდა დაისვას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ვინაიდან, შპს "სერვისი 2007" დედოფლისწყაროს ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათი უკანონო მუშაობის ანგარიშს სწორედ დედოფლისწყაროს გამგეობა იბარებდა. ამას გარდა, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ჩვენთან საუბარში არ მალავენ, რომ ყოჩიაშვილი ზემდგომების მითითებით მოქმედებდა და რომ ის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე ამდენ დარღვევას და თანხების გაფლანგვას ვერ გაბედავდა. დედოფლისწყაროში ცნობილი ფაქტია, რომ ყოჩიაშვილი იმდენად დაახლოებულია დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარესთან, მის კაბინეტში მუდმივად კარზე წიხლის კვრით შედიოდა. ჩვენი ინფორმაციით, ყოჩიაშვილს კუდ-ის ადგილობრივი თანამშრომლებიც აქტიურად მფარველობდნენ. მოვითხოვთ, საგამოძიებო ორგანოებმა შეისწავლონ ამ დანაშაულებრივ სქემაში დედოფლისწყაროს გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის მონაწილეობის საკითხი და დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯონ," - ნათქვამია "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოძრაობის კახეთის ოფისის ინფორმაციით, ყოჩიაშვილი 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა, ხოლო მისი მეუღლე ნინო ჩოხელი დედოფლისწყაროს გამგეობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობას ამ დრომდე განაგრძობს.
* * *
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, "დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ბოლო ხანებში სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, თანხების არამიზნობრივად ხარჯვისა და მსგავსი დანაშაულების ფაქტები გახშირდა, თუმცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთა პასუხისნგებლობის საკითხი ამ დრომდე არ დასმულა, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ კონკრეტულ თანამდებობის პირებს მფარველობას ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები უწევენ". ამასთანავე, დაკავებული და შემდგომში გათავისუფლებულია მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი ვლადიმერ ხატიაშვილი, რომელსაც ქრთამის აღება ედებოდა ბრალად. საეჭვო ვითარებაში გათავისუფლებულნი არიან ასევე არხილოსკალოს და ზემო მაჩხაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები იოსებ კვირტიძე და დავით ნატროშვილი. აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაცია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მინიმუმ, დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, რადგან იგივე დასუფთავების სამსახური მუნიციპალიტეტის მხრიდან ფინანსდება და კონტროლდება" - განაცხადა მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილმა.
პარტიაში ეჭვობენ, რომ გამორიცხული არაა, ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საეჭვო გარიგებებს ჰქონოდა ადგილი. /pirveli.com.ge/
* * *
Комментариев нет:
Отправить комментарий