понедельник, 20 июня 2011 г.

მასშტაბური ფესტივალი მირზაანში და პარლამენტის თავმჯდომარე სტუმრად დედოფლისწყაროში

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა სახალხო ფესტივალს უმასპინძლა. 18 ივნისს ფოლკლორული ფესტივალი "არტ-გენი" სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიხსნა. გახსნის ცერემონიას მეუღლესა და ქალიშვილებთან ერთად დაესწრო პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარემ მეუღლესა და შვილებთან ერთად ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები დაათვალიერა. მათ მასპინძლობას მუზეუმის დირექტორი ანზორ მაძღარაშვილი უწევდა.
მოგვიანებით, დავით ბაქრაძემ და გიორგი ღვინიაშვილმა ახლადაღდგენილი მარანი და ნიკალას საგვარეულო ზედაშეც მოინახულეს.
ფესტივალში მონაწილობას იღებდნენ ანსამბლი "წინანდალი"; თელავის ანსამბლი "შემოძახილი"; უხუცესი მომღერალი ანდრო სიმაშვილი და მისი მოწაფეები;
დედოფლისწყაროს რაიონის ფოლკლორული ანსამბლი "ხორნაბუჯი"; დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედის ფოლკლორული თეატრი "ბარის ფშავლები"; ასევე, დედოფლისწყაროს მომღერალ ბიჭუნათა ანსამბლი"ქიზიყი" და გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი "მანდილი". ამას გარდა მონაწილეობას მიიღებს გუნდი "ხორნაბუჯი" და ქორეოგრაფიული ანსამბლები "იმედი" და "ხორნაბუჯი". თელავის რაიონის სოფელ ართანის ანსამბლი "სიღერეთი"; ახმეტის რაიონის ანსამბლი "პანკისი"; ახმეტის რაიონის ანსამბლი "კესელო"; წნორის ედიშერ გარაყანიძის სახელობის ანსამბლი "ამერ-იმერი"; თელავის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "ორონთა"; საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთის ანსამბლი "კაკაბელები"; საგარეჯოს ფოლკლორული ანსამბლი "გარეჯი"; ანსამბლი "ბალავარი"; გურჯაანის სახელმწიფო ანსამბლი და ა.შ.
წლევანდელ "არტ-გენს" უცხოეთიდან მოწვეული სტუმრებიც ჰყავდა. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებდა მომღერლების ჯგუფი ნეპალიდან. ასევე, ნიკალას ეზოში გაიმართა ხალხური რეწვისა და სახვითი ხელოვნების გამოფენა-გაყიდვები. სტუმრები თბილისიდანაც იყვნენ: თსუ-ს გოგონათა ანსაბლი "გორდელა"; რუსთავლის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის გოგონათა ანსამბლი "ფიცვერცხლი" და კავშირი "საბრძოლო ხელოვნება".
"არტ-გენში" მონაწილეობას საინგილოში მცხოვრები ქართველებიც გეგმავდნენ. ფესტივალზე მოწვეული იყო ალიბეგლოს მოცეკვავეთა ანსამბლი და კახინგილოს შვიდკაცა. თუმცა, როგორც ორგანიზატორებმა გაზეთ "ქიზიყს" განუცხადეს, ინგილოებმა მირზაანში ჩამოსვლა ვერ მოახერხეს.
ზაზა კორინთელი, ზუმბა (ფესტივალის დამფუძნებელი): ,,ფიროსმანობის დღესასწაულზე მირზაანში კონცერტები ადრეც ჩაგვიტარებია.
ამიტომ, ახლა გვინდოდა, რომ კიდევ ერთი ლამაზი დღე გვეჩუქებინა მაყურებლისთვის. გადაწყდა, რომ ფესტივალი "არტ-გენი" დედოფლისწყაროში, ნიკალას ეზოში გახსნილიყო. ძალიან მიხარია, რომ ამ ფესტივალის ფარგლებში აწორედ ახლახან მოხერხდა მარანისა და ფიროსმანაშვილების საგვარეულო ზედაშეს აღდგენა. ვფიქრობ, კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ ნაბიჯით კიდევ უფრო მეტი ხალხი ჩამოვიდა მირზაანში და უფრო მეტი ადამიანი გაიგებს, რომ ასეთი კარგი ადგილი არსებობს ქიზიყში. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფესტივალი "არტ-გენი", მისი 7 წლის არსებობის თავზე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და დასწრებადი ღონისძიება საქართველოში, რომელიც ღიაა ყველა თაობისთვის",- განაცხადა ზაზა კორინთელმა.
ფესტივალზე დასასწრებად დედოფლისწყაროში ევრკავშირის წარმომადგენლებიც ჩამოვიდნენ. როგორც ცნობილია, "არტ-გენის" ფინანსურ მხარდაჭერას სწორედ ევროკავშირი
უზრუნველყოფს. ამას გარდა, დედოფლისწყაროს ეწვია პოლონელების 5 კაციანი დელეგაციაც. როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" განუცხადა, ჩამოსულები იყვნენ მელბურგისა და შტუმის ოლქებიდან. ბაღაშვილის ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში მათთან დამეგობრებას გეგმავს. როგორც ბაღაშვილმა აღნიშნა, სავარაუდოდ აგვისტოს თვეში დედოფლისწყაროსა და პოლონელებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სახალხო ფესტივალი სწორედ მირზაანიდან დაიწყო და მას კახეთის რეგიონი მასპინძლობს," - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილმა.
"ქიზიყის" ინფორმაციით, მირზაანიდან "არტ-გენი" რუსთავსა და ფოთში გადაინაცვლებს. 14 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით კი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარდება და 25 ივლისს დაიხურება.
კავშირ "არტ-გენის" დამფუძნებლის ზაზა (ზუმბა) კორინთელის თაოსნობით ხალხური რეწვისა და ფოლკლორის ფესტივალი "არტ-გენი" 2003 წლიდან იმართება.
ფესტივალის ძირითადი მიზანია საქართველოს ხალხური და ტრადიციული შემოქმედების პოპულარიზაცია, ამ დარგის უცნობი და ნაცნობი ნიმუშების მოძიება და საზოგადოებისათვის გაცნობა. ასევე ყოველი მოძიებული მასალის დაარქივება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, მირზაანიდან

Комментариев нет:

Отправить комментарий