EXCLUSIVE კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ ავტოავარიის შედეგად დაზარალებული 18 წლის მარიეტა ქურხულიშვილი დედოფლისწყაროდან თბილისის #1 საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" დედოფლისწყაროს მთავარმა ექიმმა ვანო ნატროშვილმა განუცხადა, პაციენტს კრუნჩხვითი სინდრომი განუვითარდა.
,,გოგონას კისრის მალების ტრავმა აღენიშნებოდა. ბოლო დროს საკმაოდ ემოციური იყო და ამიტომ დამძიმდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ კონტაქტზე გამოდიოდა, მაგრამ მისი განძრევა არ შეიძლებოდა, პაციენტმა კი წამოდგომა სცადა და საპირფარეშოში გასვლა დააპირა, რის გამოც კრუნჩხვითი სინდრომი განუვითარდა. ვითარების გართულების თავიდან ასაცილებლად კატასტროფის ცენტრი გამოვიძახეთ და გოგონა თბილისში გადავიყვანეთ," - აცხადებს ვანო ნატროშვილი.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, გოგონას თავის ტომოგრაფია უტარდება, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ის არამეანცის საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას.
სოფელ ოზაანში მცხოვრები მარიეტა ქურხულიშვილი რამდენიმე დღის წინ დედოფლისწყაროს ცენტრალურ მოედანზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავდა, პაციენტი ამ დრომდე მკურნალობას დედოფლისწყაროს საავადმყოფოში განაგრძობდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი მისი თბილისში გადაყვანის აუცილებლობა დადგა.
როგორც შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში "ქიზიყს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
Комментариев нет:
Отправить комментарий