суббота, 11 июня 2011 г.

ოპოზიცია საპარლამენტო კომიტეტის გასვლით სხდომას არაფრისმომცემს და პიარკამპანიის ნაწილს უწოდებს

პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფალი საქართველო" დედოფლისწყაროში გამართულ საპარლამენტო კომიტეტის გასვლით სხდომას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. მათი შეფასებით, სხდომა არაფრისმომცემი იყო და მხოლოდ ხელისუფლების პიარკამპანიის ნაწილს შეადგენდა. მოძრაობა ხელისუფლებას დედოფლისწყაროში, სამთაწყაროს ჩაკეტილი ხიდის გახსნისკენ მოუწოდებს.
"თავისუფალი საქართველო"-ს დედოფლისწყაროს ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თუ პარლამენტარებს ინგილოების ბედი რეალურად ადარდებდათ, სოფელ სამთაწყაროში უნდა ჩასულიყვნენ და მათი აზრი პირადად მოესმინათ:
,,იმის ნაცვლად, რომ საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ, უმჯობესი იქნებოდა, კომიტეტის წევრები დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფელ სამთაწყაროს სტუმრობდნენ და იქ მცხოვრები ინგილოების შენიშვნები ადგილზე პირადად მოესმინათ. მათ საკუთარ მაგალითზე ყველაზე უკეთ იციან, რა ხარვეზებია ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში და რა აფერხებთ მათ საკუთარ ნათესავებთან კონტაქტში. უკვე მერამდენეჯერ ჩაიკეტა სამთაწყარო-საინგილოს დამაკავშირებელი ხიდი და დღემდე ვერავინ დაადგინა, კონკრეტულად ვისი ბრძანებითა და გადაწყვეტილებით აუკრძალეს ინგილოებს მიმოსვლა. რეალურად კი გარკვეულ ბიზნეს-ინტერესებსაც ჰქონდა ადგილი. ხელისუფლების ზოგიერთ მაღალჩინოსანთა პირად ინტერესებს კი ინგილოების ბედი ეწირება და ამ ფონზე ხიდის ჩაკეტვით ყველაზე მეტად სწორედ ადგილობრივმა ინგილოებმა იზარალეს," - აცხადებს დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი თამილა გურაშვილი.
მოძრაობა "თავისუფალი საქართველო" გავრცელებულ განცხადებაში ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიხსნას სამთაწყაროს ხიდი, რათა მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს საფრთხე არ დაემუქროს. /ქიზიყი/
* * *

დედოფლისწყაროში მომუშავე ჟურნალისტი კახა კუკავას პარტიაში გაწევრიანდა

დედოფლისწყაროს რაიონში მომუშავე ჟურნალისტი თამილა გურაშვილი კახა კუკავას პარტია "თავისუფალ საქართველოში" გაწევრიანდა - ამის შესახებ რადიო "ჰერეთს" პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის პრეს-სამსახურიდან აცნობეს. გურაშვილის თქმით, მიუხედავად ჟურნალისტური საქმიანობისა, თვლის, რომ იყო წარმატებული, გადაწყვიტა, მომავალი საქმიანობა პოლიტიკაში გააგრძელოს.
,,ჩემი გადაწყვეტილება განპირობებულია ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობით, რომელსაც დემოკრატიულს ნამდვილად ვერ ვუწოდებ და რომელიც დიდი ნაბიჯებით მიექანება ავტოკრატული რეჟიმიდან სრული დიქტატურისკენ. საბოლოო გადაწყვეტილება კი მივიღე მშვიდობიანი მოსახლეობის 26 მაისის სისხლიანი დარბევის შემდეგ. საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიებიდან კახეთში არცთუ ბევრი პოლიტიკური სუბიექტია წარმოდგენილი.
პარტიებიდან აქტიურობით ცალსახად გამოირჩევა პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფალი საქართველო". სწორედ კახა კუკავას პრინციპულმა და სწორუპოვარმა მოქმედებებმა მიმაღებინა გადაწყვეტილება, შევსულიყავი ისეთ პოლიტიკურ მოძრაობაში, რომელიც სრულ თანხვედრაშია ქართული საზოგადოების ღირებულებებსა და ფასეულობებში," - განუცხადა რადიო "ჰერეთს" თამილა გურაშვილმა. /ჰერეთი; მედიანიუსი/

Комментариев нет:

Отправить комментарий