пятница, 10 июня 2011 г.

საინგილოში ქართველების დასაცავად საპარლამენტო კომიტეტმა ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე დედოფლისწყაროში იმსჯელა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა გასვლითი სხდომა დედოფლისწყაროში გამართა. განხილვის მთავარი თემა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები და აზერბაიჯანის ქართული დიასპორა იყო. მოხსენებით კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური გამოვიდა.
მან საინგილოში მცხოვრები ქართველების პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ქართველ ოჯახებს ბავშვებისთვის ქართული სახელების დარქმევას უკრძალავს. წიკლაურის განმარტებით, ქართული სახელების მქონე მოზარდებს აზერბაიჯანის ხელისუფლება პირადობის მოწმობებს არ აძლევს და სახელის გადაკეთებას აიძულებს. დოკუმენტების არარსებობის გამო კი ქართველი ოჯახები ბავშვებს ვერც სკოლაში ატარებენ და განათლების მიღების საშუალებაც წართმეული აქვთ.
ნუგზარ წიკლაური: ,,სამაგალითოა ზაქათალაში მცხოვრები ოჯახი, რომელსაც 3 შვილი ჰყავს. უფროსი შვილი ნათია 7 წლისაა, მაგრამ განათლების მიღებას ვერ ახერხებს, რადგან ქართული სახელის გამო მას არც პირადობის მოწმობა მისცეს. ამ ოჯახმა საქართველოს პარლამენტს დახმარების თხოვნით წერილი გამოუგზავნა. ნათიას მშობლები არ მალავენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სახელის გადაკეთებას აიძულებს, ამას ისინი არ თანხმდებიან, დოკუმენტების გარეშე კი გოგონა ვერც საბავშვო ბაღში შეიყვანეს და ვერც სკოლაში.
ამ საკითხებზე უკვე ვესაუბრეთ საქართველოს ელჩს აზერბაიჯანში და ის დაგვპირდა, რომ აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრი ჩაერევა და პრობლემის მოგვარებას ეცდება. ზოგადად, ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში მნიშვნელოვანია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობა უფრო აქტიურად თანამშრომლობდეს მოსაზღვრე აზერბაიჯანის ცალკეულ რაიონებთან. ასეთი მუნიციპალიტეტები ჩვენთან ლაგოდეხი და დედოფლისწყაროა, სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ, გასვლითი სხდომა დედოფლისწყაროში გამართულიყო. ლაგოდეხში კულტურული გაცვლა ხშირად ხდება, თეატრებისა და ანსამბლების სახით. სერიოზულად განსახილველი საკითხია საინგილოში ქართული სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნის საკითხი. ამჟამად საინგილოში ქართული სკოლა არ არსებობს. მართალია არის ქართული სექტორები, მაგრამ რადგან საბავშვო ბაღი არ არის, საწყის ეტაპზე პატარები აზერბაიჯანელ მოზარდებთან ურთიერთობენ და თავიდანვე მათ ენაზე ეჩვევიან.
რაც დრო გადის, მით ნაკლები ქართული სექტორი რჩება. ზაქათალაში ამჯერად 2 ქართული სექტორია და აქედან 1 გაუქმების პირასაა. როცა ადგილობრივ ხელისუფლებას მიზეზებზე ვეკითხებით, ამბობენ, რომ კონტინგენტი არ არსებობს, ცოტა ბავშვი დადის და იძულებული არიან დახურონ. არ არსებობს ქართული ტოპონიმი. მხოლოდ 1 იყო - ვერხვიანი და ისიც შეცვალეს. ყოველი წელი იქ მცხოვრებ ადამიანებს ქართულ ენასთან სულ უფრო აშორებს. ელჩთანაც გვქონდა შეხვედრები, მათ კულტურის სამინისტროსთანაც, მაგრამ რეალურად არაფერი იცვლება, ვითარება უარესდება. სოფელ ალიაბადში დაიხურა ქართული სკოლა და საბავშვო ბაღი.
სერიოზულად დასაფიქრებელი ვითარებაა. არ უნდა გვქონდეს უკან სვლა. უნდა შევჯერდეთ, რომ მთელი სახელმწიფო ჩავერთოთ პროცესში. სერიოზული კომიტეტის სხდომა უნდა ჩავატაროთ. აუცილებელია მეტი ჩართულობა, სხვაგვარად არაფერი გამოვა. წელიწადში ერთხელ ჩასვლა და 10 ბურთის ჩატანა არაფერს შეცვლის. მომავალ ჩასვლაზე ისევ იგივე პრობლემები დაგვხვდება," - აცხადებს საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური.
სხდომას სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატები ნუგზარ აბულაშვილი და ავთანდილ ლეკაშვილიც ესწრებოდნენ. ასევე იმყოფებოდა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ საკითხებით თავდაცვის კომიტეტიც აქტიურად არის დაინტერესებული
ცნობისთვის, სხდომის გასაშუქებლად მისულ "ქიზიყის" კორესპონდენტს სხდომაზე დაშვებისას დაბრკოლება შეუქმნეს გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილმა და გამგებლის მდივანმა.
დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ახლახან, ნინოობის დღესასწაულზე, სოფელ ალიბეგლოში გაიხსნა წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია, სადაც ავთანდილ ლეკაშვილი და დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილიც იმყოფებოდნენ. როგორც სხდომაზე აღნიშნეს, ეს საინგილოში უკვე მეორე ქრისტიანული ტაძარია. მათი თქმით, ტაძარი მრევლით მუდმივად სავსეა. ლეკაშვილმა აღნიშნა, რომ ახლახან შეიქმნა "ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია", რომელიც საინგილოში მრევლის გაზრდაზე და ქრისტიანული რწმენის განმტკიცებაზე აქტიურად მუშაობს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий