ქვეწარმავლების მომრავლებას ამჯერად ქალაქ დედოფლისწყაროს მოსახლეობა უჩივის. მოზრდილი ზომის გველები სხვადასხვა უბნებში აღმოაჩინეს. როგორც ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" ადგილობრივებმა აცნობეს, რამდენიმე დღის განმავლობაში ზოგიერთ დასახლებაში 4 გველი მოკლეს. მათი თქმით, მცირეწლოვანი ბავშვები დაგესვლას შემთხვევით გადაურჩნენ.
ლესელიძის ქუჩაზე მცხოვრები ფირუზ ჯამასპიშვილი აცხადებს, რომ საკუთარ ეზოში, დღისით, მეტრანახევარი სიგრძის გიურზა შენიშნა, რომელიც მეზობლების დახმარებით მოკლეს.
ასევე, ქალაქ დედოფლისწყაროში, მიკრორაიონის დასახლებაში მაცხოვრებლებს ერთი დღის მანძილზე ორი გველის მოკვლა მოუხდათ. მომხდარის გამო ადგილობრივები პანიკაში არიან და ბავშვების ეზოში გაშვების ეშინიათ.
,,ამას გარდა, გუშინ, 9 აპრილის ქუჩაზე, რუსული ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზეც კიდევ ერთი გველი მოკლეს. საავტომობილო გზასთან ნახეს, ეს კი მჭიდროდ დასახლებული ადგილია. ხალხი შეშინებულია, ქუჩაში გავლას ვეღარ ვახერხებთ. მინდვრებში რომ ქვეწარმავალი ყოველთვის მომრავლებული იყო ვიცოდით, მაგრამ, ახლა აღმოჩნდა, რომ ზედიზედ მერამდენე შემთხვევა პირდაპირ დასახლებულ პუნქტებში დაფიქსირდა. მას შემდეგ, რაც 3 წლის ბავშვი შრატის არარსებობის გამო გველის ნაკბენით დაიღუპა და ახლა ქუჩებში წამდაუწუმ გველებს ვაწყდებით, ძალიან შეშინებულები ვართ. დაკბენის საფრთხე გაიზარდა და ისიც არ ვიცით შრატი არსებობს, თუ ჩვენც სასიკვდილოდ ვართ განწირულები? ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ," - აცხადებს ადგილობრივი ლია ბატიაშვილი.
შეგახსენებთ, ორი კვირის წინ, დედოფლისწყაროში მდებარე მეცხოველეობის ერთერთ ფერმაში გველის მიერ დაგესლილი 3 წლის ამილ გასანოვი შხამის საწინააღმდეგო შრატის არარსებობის გამო გარდაიცვალა. მოსახლეობა ირწმუნება, რომ ქვეწარმავლები უკვე ქალაქის დასახლებებშიც მრავლად გამოჩნდნენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
მრავალშვილიანი ოჯახი ხელისუფლებას პირადი ინტერესებით მუშაობაში ადანაშაულებს
სოფელ ოზაანში, სტალინის ქუჩაზე მცხოვრები აკაკი გარსენიშვილის ოჯახი დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოს არაობიექტურობაში ადანაშაულებს. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი პირადი ინტერესების წყალობით, უამრავი ხელმოკლე ოჯახი საარსებო შემწეობის გარეშე რჩება, ყოველთვიურ დახმარებას კი ისეთი ოჯახები იღებენ, რომელთა ფინანსური მდგომარეობაც საკმაოდ მყარია. ამას გარდა, ოჯახი ირწმუნება, რომ მესამე შვილისთვის გათვალისწინებული ახალშობილთა ერთჯერადი დახმარება დედოფლისწყაროს გამგეობამ მათ უკანონოდ არ გამოუყო.
გარსენიშვილებს სამი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ. უფროსი სკოლაში დადის, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ნაჩუქარი ტანსაცმელი და ნათხოვარი სასწავლო წიგნები აქვს. უკიდურესად გაჭირვებულ 6 სულიან ოჯახში არ მალავენ, რომ სახელმძღვანელოებისა და სასკოლო ნივთების შეძენა მათ საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს.
,,უმცროსი 2 ბავშვი საბავშვო ბაღში დაგვყავს, მაგრამ ხშირად ბაღის გადასახადსაც ვერ ვიხდით. შემოსავალი არსაიდან გვაქვს, საბავშვო ბაღის გამგე შეღავათს გვიწევს და არაფერს ამბობს, თორემ აქამდე ბავშვებს ბაღიდანაც გამორიცხავდნენ. სხვა საშუალება რომ არ გვაქვს იაფფასიან ფქვილს ვყიდულობთ და მუდმივად შავ პურს ვჭამთ. ისე ვცხოვრობთ, როგორც ომიანობის ხანაში, ესაა სააკაშვილის აღორძინებული ქვეყანა?... მხოლოდ 3 ქათამი და ძველი ავტომობილი გვაქვს, რომელიც არ მუშაობს, სხვა არაფერი გაგვაჩნია და მხოლოდ ამის გამო სოციალური მომსახურების სააგენტომ დახმარება არ მოგვცა. სააგენტოს უფროსმა ზურა ნატროშვილმა ასე მოგვაძახა, ჩემზე მდიდრები ხართო, არადა სახლს ფანჯრებზე მინები რომ არა აქვს შიფრები ავაკარით, ესაა სიმდიდრე?... არ ვიცი რა იგულისხმა, მაგრამ ჩემზე მდიდრები ხართო, არადა თვითონ თანამედროვე მანქანით დაბრძანდება... ჩვენ კი ბავშვების გამოკვებას ვერ ვახერხებთ. შემოსავალი საიდან უნდა გვქონდეს, როცა არც სამსახური გვაქვს და აღარც გასაყიდი დაგვრჩა რამე. გულის დაავადებების გამო ვერც ფიზიკურად მუშაობას ვახერხებთ და ვართ ასე ღვთის ანაბარა," - აცხადებენ ხელმოკლე ოჯახის წევრები "ქიზიყთან" საუბარში.
სოფლის რწმუნებულის მხრიდან რაიმე სახის თანადგომა და დახმარება გარსენიშვილებმა "ქიზიყთან" საუბარში ვერ გაიხსენეს. რაც შეეხება საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს, ექს-ძალოვან ტრისტან ქურხულიშვილს, ოზაანელები არ მალავენ, რომ დეპუტატთან რაიმე საკითხზე მისვლა მისი პიროვნებიდან გამომდინარე ეუხერხულებათ და ამიტომაც მისი შეწუხებისგან მუდმივად თავს იკავებენ.
,,გასულ წელს მესამე შვილი რომ შეგვეძინა სწორედ იმ წელს გამგეობა ახალშობილებზე 1 000 ლარს გასცემდა. ეს თანხა ჩვენც გვეკუთნოდა, მითუმეტეს, რომ მესამე შვილი ხელმოკლე ოჯახში დაიბადა. ამ მოთხოვნით მაშინვე მივაკითხე დედოფლისწყაროს გამგეობას, მაგრამ ხელცარიელი გამომიშვეს, არ გეკუთვნისო. არადა ყოველთვის გაიცემა ახალდაბადებულ ბავშვებზე ერთჯერადი თანხა, მითუმეტეს იმ წელს ათასი ლარი იყო, მაგრამ ამ დრომდე ჩვენთვის არაფერი მოუციათ. გამგეობაში მიითვისეს, თუ რატომ არ მოგვცეს, ვერ გავარკვიე... მეუღლემ ჩვენს სამშობიაროში იმშობიარა, მაგრამ მაინც არ დაგვაჯილდოვეს... საერთოდ, ამბობენ, რომ ეს ჯილდო მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუკი ორსული დედოფლისწყაროს სამშობიაროში შევა, სხვა შემთხვევაში თურმე თანხას არ გასცემენ. ესეც ვიღაცის ინტერესებზე და უფლებების შეზღუდვაზე მიანიშნებს," - აცხადებს აკაკი გარსენიშვილი.
როგორც ხელმოკლე ოჯახში აცხადებენ, ყოველთვიური საარსებო შემწეობის მიღების მოთხოვნით სააგენტოს მათ ორჯერ მიმართეს, თუმცა ორივეჯერ უარყოფითი პასუხი მიიღეს. მას შემდეგ, რაც ხელმოკლეს ოჯახს სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ნატროშვილმა ისიც კი მიაძახა ჩემზე მდიდრები ხართო, გარსენიშვილებს იმედი ისე გაუცრუვდათ, კიდევ ერთი შემოწმება აღარც მოუთხოვიათ და ბედს შეეგუვნენ. მათი თქმით, ხელისუფლების მიერ გამომეტებული მიზერული დახმარება თავმოყვარეობის შელახვის ფასად სულაც არ ღირს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, ოზაანიდან
Комментариев нет:
Отправить комментарий