вторник, 14 июня 2011 г.

პროკურორი 9 წლის ბავშვის დაკავებას და ქურდობაში დადანაშაულებას უარყოფს

სიღნაღის პროკურატურის პროკურორმა დავით დუღაშვილმა პოლიციის მიერ სოფელ წითელწყაროში მცხოვრები 9 წლის ბავშვის ქურდობაში დადანაშაულების ფაქტზე კომენტარი გააკეთა. დუღაშვილის განცხადებით, პოლიციამ არასრულწლოვანის მამა დააკავა და ბავშვი მხოლოდ მოწმის სახით დაიკითხა, ამდენად, არასრულწლოვანის დაკავება არ მომხდარა:
,,კანონები ნამდვილად არ გვეშლება. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა რაც უნდა ის გაავრცელოს, ჩვენ ბავშვის მამა დავაკავეთ, ხოლო ბავშვი დაკითხვაზე დავიბარეთ. როგორც იცით, ბავშვს, რომელსაც საუბარი შეუძლია უკვე მოწმედ ითვლება და ამიტომაც დავკითხეთ, მისი დადანაშაულება არ მომხდარა. უბრალოდ, სოფელ მაზოვკაში მცხოვრები ეს ოჯახი კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორის გელა მთივლიშვილის ნათესავია და სწორედ ამიტომ ამ მედიასაშუალებამ საკითხს თავისებური ინტერპრეტაცია მისცა. ჩვენ კანონი ნამდვილად არ დაგვირღვევია," - განმარტა პროკურორმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სამართალდამცავებს მოზარდი რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული და ნებართვის გარეშე გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ.
ამასთან, პოლიციის თანამშრომლებმა მოზარდი მშობლების გარეშე დაკითხეს, თუმცა პოლიციის სამმართველოში ბავშვის დაკითხვისა და დაკავების ოფიციალური ოქმი არ აქვთ. სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსით დანაშაულზე პასუხისმგებლობა 14 წლის ასაკიდან დგება. /ქიზიყი/
* * *

ავტო-ავარიის შედეგად გოგონა დაშავდა


ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროში - ავარიის შედეგად ახალგაზრდა გოგონა დაშავდა. ტაქსის მძღოლი ნოდარ გონაშვილი ცენტრალურ მოედანზე ჯიპის მარკის ავტომობილს დაეჯახა, რომელსაც ზაზა ქურხულიშვილი მართავდა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" დედოფლისწყაროს სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსმა ხათუნა ზურიკაშვილმა განუცხადა, გოგონას კისრის მალების ტრავმა აღენიშნება.
,,ავტომანქანების შეჯახების შედეგად, სოფელ ოზაანში მცხოვრები 18 წლის მარიეტა ქურხულიშვილი დაშავდა. შეტყობინების შემოსვლის შემდეგ შემთხვევის ადგილზე გავედით და პაციენტი სტაციონარში გადავიყვანეთ. გოგონას კისრის მალების ტრავმა აღენიშნებოდა," - აცხადებს ზურიკაშვილი.
ამ დროისთვის პაციენტი დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული. "ქიზიყის" ინფორმაციით, ქურხულიშვილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
როგორც შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში გაზეთ "ქიზიყს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий