вторник, 8 мая 2012 г.

დავით დუღაშვილი: „თოკი გაწყდა და რას ვუშველიდით, თოკში ხომ არ ვზივართ“?

დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ხელმძღვანელობამ პირველი კომენტარი გააკეთა. ცნობილია, რომ სამსახურის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი ლევან გოზალიშვილი არც „ქიზიყის“, არც ცენტრალური ტელეკომპანიებისა და არც რეგიონში მოქმედი სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობს. უკვე მერამდენე დღეა გოზალიშვილი ზურნალისტებთან საუბარს თავს არიდებს.

პირველი, ვინც მომხდარის ირგვლივ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, საავარიო-სამაშველო განყოფილების უფროსი დავით დუღაშვილი იყო. სამაშველო სამსახურში დასაქმებული ყოფილი პროკურორი ირონიული კომენტარით შემოიფარგლა.

„უსაფრთხოების ყველანაირი ზომა მიღებული იყო, მაგრამ თოკი გაწყდა და იმ თოკს რას ვუშველიდით? თოკში ხომ არ ვზივართ? კედელზე ასვლაში ვარჯიშობდნენ და შემთხვევა ამ დროს მოხდა. გიგა დაახლოებით 4 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. გამოძიება დაწყებულია და პოლიცია ყველაფერს გაარკვევს,“ – განაცხადა დავით დუღაშვილმა.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის განცხადებით, წვრთნების დროს უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო, რამაც უბედური შემთხვევა გამოიწვია.

„რამდენიმე თვეა სახანძრო-სამაშველო სამსახურს 3 უფროსი ჰყავს, მაგრამ უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური ხელმძღვანელები არიან. ასწავლიან, მაგრამ უსაფრთხოების ზომები დაცული არ აქვთ,“ – განაცხადა თამილა გურაშვილმა.

დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურში მიმდინარე წვრთნების დროს მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია „ქიზიყმა“ ექსკლუზიურად გაავრცელა. ადგილობრივმა ოპოზიციამ კი გულგრილი დამოკიდებულების გამო სამსახურის ხელმძღვანელის ლევან გოზალიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა მოითხოვა. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий