среда, 9 мая 2012 г.

დედოფლისწყაროსა და კიდევ 11 რაიონში ფერმერთა მომსახურების ცენტრი გაიხსნება

უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით ფერმერთა მომსახურების 12 ახალი ცენტრი ამოქმედდება. ცენტრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება დედოფლისწყაროშიც. „ქიზიყის“ ინფორმაციით, მისი გახსნის ცერემონია თვის ბოლომდე იგეგმება. როგორც ადგილზე დასაქმებული პერსონალი აცხადებს, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაჩქარებული ტემპით, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ ცენტრების შესახებ 8 მაისს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემაც ვრცლად ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნულ ცენტრებში ფერმერებს და გლეხებს შემდეგი სერვისით სარგებობის შესაძლებლობა ექნებათ: 42 სახეობის აგრარული ოპერაცია, რაშიც ნიადაგის მოხვნა, მოსავლის აღება, კულტივაცია, ბოსტნეულის თესვა, შეღავათიან ფასებში შხამქიმიკატებისა და მექანიზაციის მარაგნაწილების რეალიზაცია, საერთაშორისო და თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება, სასოფლო მეურნეობის ტექნიკის მომსახურეობა და სხვა მომსახურებები იგულისხმება.

მანჯგალაძისივე განმარტებით, ფერმერები ასევე მიიღებენ 5 სახის ლაბორატორიულ მომსახურეობას.

„ეს არის ნიადაგის ანალიზი, ცხოველთა მოვლის კვებისა და დაავადებების გამოკვლევა, შხამქიმიკატების ანალიზის ლაბორატორია, კლიმატური პირობები და პროგნოზირებების ლაბორატორია“,– განმარტა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერის თქმითვე, სერვისების მშენებლობა უკვე სრულდება დედოფლისწყაროში, აბაშაში, ზესტაფონში, ოზურგეთში და სამტრედიაში. „ასევე ამ ჩამონათვალშია გურჯაანი, ამბროლაური, ახალციხე, ბოლნისი და მარნეული“,– დასძინა მანჯგალაძემ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий