
ლეიბორისტული პარტიის დედოფლისწყაროს კოორდინატორი ბესიკ ცისკარაული პოლიტიკურ საქმიანობას ამიერიდან ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციაში გააგრძელებს. პოლიტიკური გუნდის ცვლილებას ცისკარაული „ქიზიყთან“ საუბარში ექსკლუზიურად ადასტურებს.
ის ყოფილ თანაგუნდელებთან რაიმე სახის გაუგებრობას, ან დაპირისპირებას გამორიცხავს, თუმცა არ მალავს, რომ „ქართულ ოცნებაში“ გაცილებით მეტ პოტენციალს ხედავს. მისი თქმით, სწორედ კოალიციის მაღალი რეიტინგი გახდა ამგვარი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი
„ლეიბორისტულ პარტიაში უკმაყოფილება არავისთან მქონია. ამ ეტაპზე ასე ჩავთვალე, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლისთვის „ქართულ ოცნებაში“ მეტი შანსი მექნება. ეს გუნდი უფრო აქტიურია და მიმაჩნია, რომ ასე უფრო მეტს შევძლებ. პარტიის წევრები საქმის კურსში ჩავაყენე, რომ გადასვლას ვგეგმავდი,“ - განუცხადა „ქიზიყს“ ბესიკ ცისკარაულმა.
ერთ-ერთი ვერსიით, ცისკარაულის უკმაყოფილებას ის ფაქტიც იწვევდა, რომ პარტიიდან გადაადგილებისთვის საჭირო დაფინანსებასაც ვერ იღებდნენ და ენთუზიაზმზე უწევდათ მუშაობა.
ლეიბორისტული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ყოჩიაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ცისკარაულის გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს. თუმცა, ყოჩიაშვილი იქვე იმასაც ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ამ საკითხზე სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს.
„ბესო კარგი ადამიანია, არ ვიცი რა მოხდა, თუმცა ყველაფერი მერე გამოჩნდება,“ - ამბობს ყოჩიაშვილი.
ბესიკ ცისკარაულის „ქართულ ოცნებაში“ გადასვლის თაობაზე „ქიზიყი“ ინფორმაციას ბოლო ორი თვის მანძილზე ფლობდა, თუმცა ამ დრომდე არც ცისკარაული ადასტურებდა და არც „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაცია. დედოფლისწყაროელი ლეიბორისტებიც მათი თანაგუნდელის გადასვლას მის მიერვე დადასტურებამდე უარყოფდნენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий