
დედოფლისწყაროს სახელოვნებო სკოლიდან თამარ თამაზაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს როგორც სკოლის ადმინისტრაციაში, ისე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურშიც. “ქიზიყი” ხელმძღვანელობის პოზიციით დაინტერესდა და მათი მოსაზრებები მოისმინა.
გამგეობის კულტურის, განათლების სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი ყოჩიაშვილი უარყოფს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ბრალდებებს, თითქოს სახელოვნებო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, დაკავებულ თამაზ თამაზაშვილის და სკოლიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა. ყოჩიაშვილი ამბობს, რომ სკოლაში ძირეული რეორგანიზაცია განხორციელდა, რის შედეგადაც თამაზაშვილის შტატი გაუქმდა.
„ასეთი შეფასებები რეალობისგან შორსაა. არანაირი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას ადგილი არ ჰქონია. საქმე იმაშია, რომ სკოლაში რეორგანიზაციის პროცესი განხორციელდა, რამაც ეს ცვლილებები გამოიწვია. შედეგად შეიქმნება ქალაქ დედოფლისწყაროს სამუსიკო განყოფილება და კიდევ რამდენიმე სოფლის განყოფილება. უბრალოდ მისი შტატი გაუქმდა, თორემ როგორც ჩემთვის არის ცნობილი მას სკოლაში 2 საათი კიდევ შეუნარჩუნდა. მაგრამ, არ ვიცი, თავად თანახმა იქნება თუ არა, მხოლოდ ორი საათის გამო სკოლაში სიარული განაგრძოს,“ – განუცხადა „ქიზიყს“ ყოჩიაშვილმა.
დედოფლისწყაროს სახელოვნებო სკოლის დირექტორი აკაკი მერაბიშვილი აცხადებს, რომ თამარ თამაზაშვილის გათავისუფლებას პოლიტიკური სარჩული არ აქვს: „არავითარი ირაკლი ღარიბაშვილი, უბრალოდ გადანაცვლება მოხდა… ერთი სიტყვით, ამას პოლიტიკური სარჩული არა აქვს და თუ გაინტერესებთ, გამგეობაში პრესსამსახურს დაუკავშირდით,“ – აღნიშნა აკაკი მერაბიშვილმა და ტელეფონი გათიშა.
როგორც ბიძინა ივანიშვილის მრჩეველმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, 19 აპრილიდან დედოფლისწყაროს ხელოვნების სკოლიდან მხოლოდ თამარ თამაზაშვილი გაათავისუფლეს. მისი თქმით, კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, დაკავებულ თამაზ თამაზაშვილის და თამარ თამაზაშვილი დედოფლისწყაროს სახელოვნებო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგის თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა.
თამაზ თამაზაშვილის ქალიშვილი ბიძინა ივანიშვილის უახლოესი მრჩევლის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეა. პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ოლიგარქის პოლიტიკაში მოსვლიდან ორიოდ დღეში დააპატიმრეს. დაკავებულის ვაჟი ალექსანდრე თამაზაშვილი მარტის ბოლოს „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელად დაინიშნა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий