пятница, 27 апреля 2012 г.

„დედოფლისწყაროს საოლქო-საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა სიებს აყალბებენ“

„თავისუფალი საქართველო“-ს დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილი N14 დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს და მოუწოდებს არ დაუშვას ის გაყალბებები, რომელსაც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ჰქონდა ადგილი.
„დედოფლისწყაროში 2008 წლის საპარლამენტო და 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს სიებში მრავლად იყო „მკვდარი სულები“ და ასევე მოქალაქეები, რომლების წლების განმავლობაში იმყოფებიან საზღვარგარეთ. როგორც ჩვენთვის ცნობილია ნაციონალების კოორდინატორებს ჰქონდათ პირდაპირი მითითება ყველა უბანზე გაეკეთებინათ იმ ხალხის სია, რომლებიც ქვეყანაში არსებული გაჭირვების გამო იძულებულნი არიან წლობით გადაიხვეწონ უცხო ქვეყნებში ლუკმა-პურის საშოვნელად.
N14 დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან საარჩევნო უბნების სიაზე მისულმა „თავისუფალი საქართველო“-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დააფიქსირა ფაქტი, თუ როგორ ახდენდნენ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროინდელი სიების ამობეჭდვას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან ლათიბაშვილი და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ნინო ბულაშვილი. შეკითხვაზე, თუ რაში ჭირდებოდათ მათ ძველი სიები, საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა არ გვიპასუხეს.
„თავისუფალი საქართველო“-ს დედოფლისწყაროს ორგანიზაცია უნდობლობას უცხადებს N14 საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობას. ჩვენ მომსწრენი ვართ, თუ როგორ ხდებოდა წინა არჩევნებზე „კარუსელის“ დატრიალება - ერთი სოფლის ხალხი ჩამოყავდათ მეორეში და ხელმეორედ ახდენდნენ ხმის მიცემას, ასევე ხდებოდა ბიულეტენების ჩაყრა აშკარად და ღიად, რაზეც რეაგირება არ ყოფილა. ხდებოდა მესაზღვრეების მხრიდან ხმის ორჯერ მიცემა და ასე შემდეგ. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე არის კუდ-ის ადგილობრივი თანამშრომლის მეუღლე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ როგორც ყოველთვის, ახლაც იქნება ამომრჩევლებზე ზეწოლა კუდ-ის მხრიდან.
„თავისუფალი საქართველო“-ს ადგილობრივი ორგანიზაცია მიმართავს N14 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დავით ბუჩუკურს, გამოიჩინოს კეთილგონიერება და არ დაუშვას საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების და კუდ-ის თანამშრომლების ჩარევა ისე, როგორც ეს ხდებოდა ადრე. ვაფრთხილებთ N14 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არჩევნების გაყალბების ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში, მოვაწყობთ საპროტესტო აქციას მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით!“, - აცხადებს გურაშვილი. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий