
დედოფლისწყაროს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ია ლაპიაშვილი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პედაგოგებს „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის გამო გათავისუფლებით ემუქრება, კატეგორიულად უარყოფს და სიცრუეს უწოდებს. მათემატიკის პედაგოგი ირწმუნება, რომ ზეწოლა სკოლის დირექტორზე ხორციელდება და არა დირექტორის მიერ პედაგოგის მისამართით.
პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს დედოფლისწყაროში, კოალიაცია „ქართული ოცნების“ რაიონული შტაბის აქტივისტის გიორგი ნასრაშვილის მეუღლეს ელენე პოპიაშვილს, რომელიც დედოფლისწყაროს მე-2 საჯარო სკოლაში მათემატიკას ასწავლის, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს.
„დირექტორმა უთხრა, შენი ქმარი ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი ყოფილა და სამსახურიდან უნდა წახვიდეო. ელენე მასწავლებელმა განცხადების დაწერაზე უარი თქვა, რის შემდეგაც დირექტორმა უთხრა, რომ მაშინ ის გამოსცემდა ბრძანებას მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“, – აცნობეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს რაიონული შტაბიდან.
„ეს არის მტკნარი სიცრუე. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ელენე პოპიაშვილთან. ამ საკითხზე მასთან საუბარი არ მქონია. საერთოდაც ასეთ ფაქტს ჩვენს სკოლაში ადგილი არ ჰქონია. ეს პედაგოგი ალბათ თავადაც დაადასტურებს. ჟურნალისტებმა დაწერეს, სკოლის დირექტორი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებსო, არადა ჩემთან არავის დაურეკავს და აზრი არავის უკითხავს. ამას ასე არ დავტოვებ, კონსულტაციას გავივლი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის პასუხს მოვითხოვ,“ – განუცხადა „ქიზიყს“ ია ლაპიაშვილმა.
„ქართული ოცნების“ აქტივისტის მეუღლე აცხადებს, რომ ამჟამადა სკოლაში მუშაობას განაგრძობს. ელენე პოპიაშვილის განმარტებით, ზეწოლა არა მასზე, არამედ სკოლის დირექტორზე ხორციელდება.
„ზეწოლა უშუალოდ ჩემზე არ განხორციელებულა, რესურსცენტრის მხრიდან დირექტორზე განხორციელდა გარკვეული სახის ზეწოლა. ახალი დირექტორი გვყავს და როგორც ვიცი ჩემი გათავისუფლება მას მოსთხოვეს. თუმცა, დირექტორი ძალიან კარგი ადამიანია და უმიზეზოდ ჩემს გათავისუფლებაზე უარი თქვა. სკოლაში ჩვენ პოლიტიკაზე არ ვსაუბრობთ, სასკოლო ცხოვრებით ვცხოვრობთ. თუ ჩემი მეუღლე ოპოზიციასთან თანამშრომლობს, მე რა დავაშავე, რომ ამის გამო დამსაჯონ. ისე, ჩემს ოჯახს ნამდვილად შემოუთვალეს, რომ თუ არ გავჩერდებით, სამსახურს დავკარგავთ,“ – განუცხადა „ქიზიყს“ მეორე საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგმა ელენე პოპიაშვილმა.
„ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ლექსო თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ არ იცის, ვინ გაავრცელა შტაბის სახელით ეს ინფორმაცია: „ჩემთან და შტაბში ამ საკითხზე არცერთ ჟურნალისტს არ დაურეკია. თავად ნასრაშვილმა თუ გაავრცელა არ ვიცი,“ – ამბობს თამაზაშვილი.
დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ლევან ჯამალაშვილი ამ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий