რამდენიმე თვეში დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფელ ფიროსმანში საბავშვო ბაღი დაიწყებს ფუნქციონირებას. ამის შესახებ განცხადება დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ამ სოფელში ბავშვთა კონტინგენტი საკმაოდ დიდია, ამიტომ საბავშვო ბაღის აღდგენის საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის დიდი თხოვნა იყო.
როგორც მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრის დირექტორი მურად ოზაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში აცხადებს, ფიროსმანში საბავშვო ბაღი 16 წელია აღარ ფუნქციონირებს.
„ამჟამად სოფელ ფიროსმანში უკვე 50-ზე მეტი ბავშვია, რომელთა მშობელიც საბავშვო ბაღში მიყვანის სურვილს ამჟამად გამოთქვამს. ეს საკმაო კონტინგენტია, სავარაუდოდ, გახსნისთანავე 2 ჯგუფის შექმნა მოგვიწევს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სოფელში შესაბამისი შენობა არ გვაქვს. ადგილზე შევარჩევთ შენობას, რომელსაც მუნიციპალიტეტი შეისყიდის, კეთილმოაწყობს და გასახსნელად მოვამზადებთ. რაც მთავარია, ადგილობრივების დიდი ხნის თხოვნა გავითვალისწინეთ და რამდენიმე თვეში საბავშვო ბაღს გავხსნით,“ – განუცხადა „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა.
როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, სოფელში საბავშვო ბაღის აღდგენის დაფინანსება მთლიანად სოფლის დახმარების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული თანხით მოხდება. თუ ამ პროგრამით გათვალისწინებული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა, მუნიციპალიტეტის საკრებულო მზადყოფნას გამოსთქვამს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის დამატების საკითხზეც იმსჯელოს.
სოფელ ფიროსმანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ოთარ ხოზრევანიძე „ქიზიყთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სოფლის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ადგილობრივები პირველ რიგში საბავშვო ბაღის აღდგენას ითხოვენ, ამიტომ ეს პრობლემა 2012 წლის პრიორიტეტულ საკითხად დასახელდა.
ხოზრევანიძის განმარტებით, 2012 წლისთვის, სოფლის დახმარების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული თანხიდან სოფელ ფიროსმანს 17 000 ლარი ერგო. მისი თქმით, შენობა რომელსაც საბავშვო ბაღისთვის შეიძენენ სოფლის ცენტრში შეირჩევა. რწმუნებული ამბობს, რომ რამდენიმე ვარიანტი უკვე არსებობს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
„ქიზიყის“ ინფორმაციით, საბავშვო ბაღი სკოლის შენობას გამოეყოფა და ცალკე შენობაში გადავა საზღვრისპირა სოფელ არხილოსკალოშიც.
საბავშვო ბაღის აღდგენას ითხოვენ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფელ საბათლოს მაცხოვრებლებიც. თუმცა, როგორც დედოფლისწყაროს სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრის დირექტორი მურად ოზაშვილი ამბობს, ამ სოფელში ბავშვთა კონტინგენტი იმდენად მცირეა, ამ ეტაპზე ამ საკითხს პერსპექტივა არ უჩანს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий