EXCLUSIVE – ქალაქ დედოფლისწყაროში მცხოვრებმა 17 წლის სოფიკო ფ-შვილმა თვითმკვლელობის მიზნით დიდი ოდენობით მედიკამენტები დალია. უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდი დედოფლისწყაროს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შემთხვევის ადგილიდან რაიონულ სტაციონარში გადაიყვანა.
დედოფლისწყაროს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი ნუკრი ბაღაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ამბობს, რომ მომხდარის დეტალები არ ახსოვს.
როგორც დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ხათუნა ზურიკაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, არასრულწლოვან გოგონას ერთდროულად წნევის დამწევი მედიკამენტის „კლოფელინის“ 20-ზე მეტი აბი ჰქონდა მიღებული.
„სტაციონარში მოთავსებისთანავე გოგონას სამედიცინო დახმარება გაეწია. მდგომარეობა მალევე გამოსწორდა, სიტუაცია დარეგულირდა, თუმცა კატასტროფის მედიცინის ცენტრმა თსუ-ს კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამჟამად მისი მდგომარეობა დასტაბილურდა და არასრულწლოვანის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება“, – აცხადებს ხათუნა ზურიკაშვილი.
მედიკოსების განმარტებით, მოზარდმა თავად დაასახელა, რომ დიდი დოზით „კლოფელინის“ აბები მიიღო, თუმცა მიზეზებზე საუბარი არ ისურვა.
„ქიზიყის“ ინფორმაციით, გოგონამ ახლახან იმშობიარა. ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი ოჯახში არსებულ დაძაბულ ვითარებას უკავშირდება, გოგონას მშობლები გაცილებული არიან.
მომხდართან დაკავშირებით შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. სამართალდამცველები კომენტარს არ აკეთებენ.
ბოლო ერთი თვის მანძილზე დედოფლისწყაროში სუიციდის ოთხი ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის სამ შემთხვევაში ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий