вторник, 6 марта 2012 г.

დედოფლისწყაროში საერთო საცხოვრებლების გადახურვაზე დასაქმებული მუშები მეორე წელია ანაზღაურებას ითხოვენ

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროში, მრავალბინიანი კორპუსების გადახურვის სამუშაოებზე დასაქმებულ მუშებს ხელფასები ამ დრომდე არ მიუღიათ. მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წელს განხორციელდა, რაზეც საკმაოდ სოლიდური თანხები დაიხარჯა. სამუშაოების შესასრულებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 ათასი ლარი გამოყო.

უხელფასოდ დარჩენილი მუშების პრობლემებით საპარლამენტო ოპოზიცია დაინტერესდა. მუშებს „ქრისტიან დემოკრატების“ წარმომადგენლები შეხვდნენ. ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია,,ქრისტიან-დემოკრატების" აპარატის უფროსმა, ვანის საკრებულოს დეპუტატმა დავით ლორთქიფანიძემ ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოს მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

"დიხაშხოელები ითხოვენ მხარდაჭერას. 2 წლის წინ ამ სოფლის მცხოვრებლები სამუშაოდ ორგანიზებულად წავიდნენ დედოფლისწყაროს რაიონში და ტენდერის პირობების შესაბამისად, გადახურეს 14 საერთო საცხოვრებელი. ამ სამუშაოში მათ უნდა მიეღოთ ანაზღაურება 16 ათასი ლარი, რისი ვალდებულებაც ჰქონდა გამგეობის კონტრაქტორ ფირმას ,,კავკასტაუერსი", რაც არ შესრულდა და 20 ოჯახი დღემდე უშედეგოდ ელის დავალიანების გასტუმრებას. "ქრისტიან-დემოკრატები" აუცილებლად ჩავერევით ამ პრობლემის გადაწყვეტაში" - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, კომპანია ,,კავკასტაუერსი", რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის 110 719 ლარით დაჯარიმდა. სწორედ ამ მიზნით, კომპანიამ შესრულებული სამუშაოების თანხა სრულად ვერ მიიღო. ახლად გადახურულ სახლებში ერთი კვირის შემდეგ მოსული წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий