среда, 7 марта 2012 г.

დედოფლისწყარო ვადაზე ადრე უკვე მეორე უცხოელმა პედაგოგმა დატოვა

EXCLUSIVE - ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დედოფლისწყაროს საჯარო სკოლები ვადაზე ადრე უკვე მეორე უცხოელმა პედაგოგმა დატოვა. ნეტგაზეთ „ქიზიყის“ ინფორმაციით, განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო პროექტ „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში ქალაქ დედოფლისწყაროს #2 საჯარო სკოლაში განაწილებულმა პედაგოგმა 28 წლის ტომ ტომასმა დედოფლისწყარო სამ თვეში დატოვა.

ინფორმაციას ქალაქ დედოფლისწყაროს #2 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ჭიღიტაშვილიც ადასტურებს. დირექტორი ტომ ტომასის წასვლის მიზეზად ადგილობრივ ჰავასთან შეუთავსებლობას ასახელებს და ირწმუნება, რომ ტომასს დედოფლისწყაროს ჰავასთან შეგუება გაუჭირდა, სკოლის ვადაზე ადრე დატოვების გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო. მისი თქმით, მოხალისე პედაგოგს სკოლის კოლექტივსა და მოსწავლეების მიმართ უკმაყოფილო დამოკიდებულება არ ჰქონია.

„წასვლის მიზეზად დააკონკრეტა, რომ ჰავასთან შეგუება გაუჭირდა, არაერთხელ აღნიშნა, ასეთ ცივ პირობებს ვერაფრით შეეგუა. ბოლო დროს ყინვების გამო ფეხის ტრავმა მიიღო და ამის შემდეგ უკვე გადაწყვიტა, რომ ჩვენი სკოლა დაეტოვებინა. ის ჩვენთან უკვე აღარ მუშაობს. შესაძლოა, სამუშაოდ თბილისში გადავიდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეორე საჯარო სკოლის დირექციასთან, ან მოსწავლეებთან ტომასს უკმაყოფილება არ ჰქონია. დღემდე აქტიურად გვეკონტაქტება და თბილად მოგვიკითხავს ხოლმე. თქვენ წარმოიდგინეთ, იმდენად გვიყვარდა, რომ ბოლო სამუშაო დღეს, საგანგებო გაცილებაც კი მოვუწყვეთ," - აცხადებს ნანა ჭიღიტაშვილი.

დედოფლისწყაროში უცხოელი პედაგოგის ვადაზე ადრე დატოვების ეს პირველი შემთხვევა არ არის. ამასწინათ, სოფელ ხორნაბუჯის რუსულ-ქართული სკოლიდან 21 წლის მერი სმიტიც სულ რაღაც 1 თვეში წავიდა.

„მერი სმიტი ჯერ დედოფლისწყაროელ სამართალდამცველებს ამეცადინებდა. ჩვენს სკოლაში შემოსვლა თავდაპირველად ამ მიზეზის გამო დაუგვიანდა. სხვა სკოლებში უცხოელი პედაგოგები მაშინვე ჩაერთვნენ, თუმცა სმიტი ჩვენთან შემოსვლას ჯერ ვერ ახერხებდა. რაც ჩვენ გვევალებოდა, ყველაფერი მოვაგვარეთ, არანაირი დაბრკოლება არ შეგვიქმნია. მასპინძელი ოჯახის შერჩევა გვევალებოდა და საუკეთესო პირობები დავახვედრეთ. თუმცა, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ის გურჯაანის რაიონის ერთ–ერთ სკოლაში გადავიდა. ჩემთვის უცნობია, რატომ დატოვა დედოფლისწყარო, ან რა გახდა მისი გურჯაანში გადასვლის კონკრეტული მიზეზი. ამის შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცი. ისე კი, არა მგონია, რომ მომდევნო ნაკადის საქართველოში ჩამოყვანამდე ასე დავრჩეთ. როგორც ვიცი, სხვა უცხოელ პედაგოგს ჩვენს სკოლაში ამ თვეებში გამოგზავნიან,“ – აცხადებს რუსულ–ქართული სკოლის დირექტორი ლალი გოჩიტაშვილი. მისი თქმით, ახალი პედაგოგი მათთან სულ მალე უნდა განაწილებულიყო, თუმცა უკვე მერამდენე თვეა უშედეგოდ ელიან.

დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებდნენ, რომ მერი სმიტი სხვა რაიონში თავად განათლების სამინისტრომ გადაიყვანა და კონკრეტული მიზეზები მათთვის უცნობია. ამას გარდა, პირობებით უკმაყოფილებას აფიქსირებდა სოფელ ზემო ქედის #1 საჯარო სკოლაში მყოფი მოხალისე პედაგოგი ოლგა ქართიც. ამ პროექტის ფარგლებში დედოფლისწყაროს რაიონში სულ 4 უცხოელი პედაგოგი შემოვიდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

გამოხმაურება: მედიანიუსი ; ჯეონიუსი ; ნიუს–ბუმი ; ნიუსპრესი ; თბილისი–onelaine

Комментариев нет:

Отправить комментарий