понедельник, 5 марта 2012 г.

ირაკლი ღარიბაშვილი დედოფლისწყაროში "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ მამის, ტარიელ ღარიბაშვილის დანიშვნას გამორიცხავს

EXCLUSIVE - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მოძრაობა "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრი და საქველმოქმედო ფონდ "ქართუ"-ს პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარედ მისი მამის ტარიელ ღარიბაშვილის დანიშვნას კატეგორიულად გამორიცხავს. ღარიბაშვილი "ქიზიყთან" საუბრისას ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტარიელ ღარიბაშვილი ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომრის პოსტზე მუშაობას ვერ შეძლებს.

„არა, არა, გამორიცხულია... მამაჩემს ბოლო დროს გულის პრობლემები აქვს და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვერ იმუშავებს. დედოფლისწყაროში ოფისი აუცილებლად გაიხსნება და კოალიცია იმუშავებს. სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში გახდება ცნობილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ვინაობა დედოფლისწყაროში და ყველა დეტალი სწორედ მაშინ გახმაურდება. ამჯერად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ვართ. დედოფლისწყაროში ჩამოსული ვიყავი და საქმიანი შეხვედრები მქონდა სხვადასხვა ადამიანებთან. სულ მალე დედოფლისწყაროში ჩვენი შტაბი გაიხსნება,“ – ექსკლუზიურად განუცხადა ნეტგაზეთ „ქიზიყს“ ირაკლი ღარიბაშვილმა.
"ქიზიყმა" ღარიბაშვილის თავმჯდომრის პოსტზე დანიშვნის თაობაზე ხმების გადამოწმება მათ ახლობლებშიც სცადა. მისი ნათესავებიც აცხადებენ, რომ ტარიელ ღარიბაშვილი გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ფიზიკურად ვერ მოახერხებს.
როგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფონდი "ქართუ"-ს პრეზიდენტის ირაკლი ღარიბაშვილის მამა ტარიელ ღარიბაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წითელწყაროს ტერიტორიულ ორგანოში გამგებლის რწმუნებულის პოსტს იკავებდა. მან თანამდებობა სწორედ ოლიგარქის გააქტიურების შემდეგ დატოვა.
ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ რადგან ივანიშვილი ღარიბაშვილს ერთგულ თანამებრძოლად მიიჩნევს, დედოფლისწყაროში მისი პარტიის თავმჯდომარეობას სწორედ თანამდებობიდან გათავისუფლებულ ექს-რწმუნებულს, ტარიელ ღარიბაშვილს დაავალებენ.
ამ ვერსიებს დამაჯერებლობა იმ გარემოებამაც შესძინა, რომ ივანიშვილის კოალიციაში შემავალი რესპუბლიკური პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ლიდერებმა „ქიზიყს“ დაუდასტურეს, რომ "ქართული ოცნება" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარედ მართლაც ყოფილი ჩინოვნიკის დასმას აპირებს. სოფელ წითელწყაროს ექს-რწმუნებულის ტარიელ ღარიბაშვილის გარდა აქტიურად განიხილება ამავე სოფელში მცხოვრები, დედოფლისწყაროს ყოფილი გამგებელი გელა იაკობიშვილიც.
საქმეში ჩახედულმა წყარომ „ქიზიყს“ აცნობა, რომ დედოფლისწყაროს ყოფილი გამგებელი გელა იაკობიშვილი "ქართული ოცნების" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის შეთავაზების მიზნით ქალაქ თბილისში, პარტიის ლიდერებთან, რამდენჯერმე იმყოფებოდა.
„როგორც ვიცი, გელა იაკობიშვილი თბილისში აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ თავმჯდომარედ არც იაკობიშვილს არ დანიშნავენ. სულ სხვა კანდიდატურას განიხილავენ, რომელსაც რაიონში საკმაო ავტორიტეტი აქვს. იაკობიშვილს ძალიან სურს, თუმცა მისი კანდიდატურა არ სურს პარტიას," - ამბობს წყარო.
ბიძინა ივანიშვილის პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის პრეზენტაცია "ქიზიყის" ინფორმაციით, 15 მარტამდე უნდა გაიმართოს, სადაც პარტიის შემადგენლობას ოფიციალურად წარადგენენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий