ბოლო ორი დღის მანძილზე ხანძრის ორი ფაქტი დაფიქსირდა დედოფლისწყაროში. ე.წ. „ოლეს“ საძოვრებზე 4 მარტს, საღამოს მინდორში გაჩენილი ხანძრის შედეგად 400 სულამდე ცხვარი დაიწვა. მოულოდნელად გაჩენილი ცეცხლი თავდაპირველად საძოვრებზე გავრცელდა, რის შედეგადაც 60 ჰექტარი დაიწვა. მიუხედავად სამაშველო სამსახურის მცდელობისა ცეცხლი მოგვიანებით ცხვრის ფარასაც მოედო და ცხვარი განადგურდა.
,,დედოფლისწყაროს მუნიცილაპიტეტის ტერიტორიაზე ერთ–ერთი მეცხოველეობის ფერმის მიმდებარე საძოვარს გაუჩნდა ხანძარი. ხანძრის შედეგად სამწუხაროდ დამწვარია 400 სულამდე ცხვარი“, _ განაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო მანქანა მუშაობდა. მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მისი გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი და გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილიც იმყოფებოდნენ.
„ქარი ამოვარდა და ცეცხლი უფრო გაძლიერდა. მწყემსმა საძოვრიდან ცხვრის გარეკვა ვერ მოახერხა და საქონელი ცეცხლში დაიწვა", - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა ახმედ ახმადოვმა. ამ დროისთვის დაუდგენელია ასევე, მეცხვარეებისთვის მიყენებული ზარალის ოდენობაც.
ორშაბათს, შუადღისას ხანძრის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა სოფელ სამთაწყაროშიც. ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა. როგორც დედოფლისწყაროს სახანძრო–სამაშველო სამსახურის უფროსმა ლევან გოზალიშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, ცეცხლის ვენახებზე გავრცელების საფრთხე არსებობდა, თუმცა შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადის დროულმა ჩასვლამ ვენახები განადგურებისგან იხსნა.
„ირგვლივ ვენახები იყო, მაგრამ დაწვას გადავარჩინეთ. ხანძრის დროს ძლიერი ქარი იყო. სავარაუდოდ, 15 ჰექტარი დაიწვა,“ – აცხადებს გოზალიშვილი.
ვენახების დაწვის ფაქტს უარყოფს სამთაწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული პაატა ნადირაშვილიც. შეგახსენებთ, გასულ კვირას 200–მდე ჰა საძოვარი დაიწვა ტარიბანა–ქესამანის ტერიტორიაზეც. /ქიზიყი/ ვიდეო>>
Комментариев нет:
Отправить комментарий