четверг, 16 февраля 2012 г.

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი სოფელ სამრეკლოს ეწვია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ზურაბ მელიქიშვილი და პარლამენტის წევრი ანდრო ალავიძე 16 თებერვალს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ეწვივნენ.

თავდაპირველად მმართველი გუნდის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის წარმომადგენლებს და საჯარო მოხელეებს შეხვდნენ. ქალაქ დედოფლისწყაროს პირველ საჯარო სკოლაში გამართული სხდომა დახურული იყო. მას მედიასაშუალებების წარმომადგენლები არ დასწრებიან.

აქტივისტებთან შეხვედრის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს ეწვივნენ. ზურაბ მელიქიშვილი არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას მათ მოგვარებას დაპირდა.

შეხვედრაზე მწვავედ დაისვა მიწებთან და მის გადასახადებთან დაკავშირებული პრობლემები, პენსიების დაყადაღების საკითხი, ჯანდაცვის და უმუშევრობის პრობლემა. სამრეკლოელები სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუპირისპირდნენ და მის ადგილობრივ ფილიალს არაობიექტურობაში დასდეს ბრალი. მოსახლეობამ სააგენტოს წარმომადგენლებს „აგენტები“ უწოდა.

პარტიის გენერალურმა მდივანმა ადგილობრივებთან ერთად მიმოიხილა მიმდინარე რეფორმები და მოსახლეობას სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა. მისი თქმით, სექტემბრიდან სახელმწიფო დაზღვევის პაკეტს მიიღებს ყველა პენსიონერი და 0-5 წლამდე ასაკის ბავშვი.
მოსახლეობასთან შეხვედრაში დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ლეკაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий