четверг, 16 февраля 2012 г.

ინტერესთა კონფლიქტის გამო გამგეობის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს უფროსი თეა ლეკაშვილი გათავისუფლდა

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს ხელმძღვანელი თეა ლეკაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. ბრძანებას ხელი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ალუღიშვილმა მოაწერა.

„ქიზიყის“ ინფორმაციით, ხელმძღვანელის გათავისუფლების მიზეზი ქორწინება გახდა, რის შემდეგაც ინტერესთა შეუთავსებლობა წარმოიშვა. თეა ლეკაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელ ნიკოლოზ შანშიაშვილზე ახლახან იქორწინა.

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მიხედვით, არ შეიძლება საჯარო მოხელეს დაეკისროს სამსახურებრივი ზედამხედველობა იმ ორგანიზაციებისადმი, რომელთა ხელმძღვანელ ორგანოებში საქმიანობენ მისი ოჯახის წევრები. ასევე, სახელმწიფო მოსამსახურე არ უნდა იღებდეს შემოსავალს იმ ორგანიზაციებიდან, რომლებსაც სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების წესით უწევს ზედამხედველობას.

როგორც „ქიზიყს“ გამგეობის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროში განუცხადეს, ამჟამად უფროსის მოვალეობას ამავე სამსახურის თანამშრომელი მზია გოგაშვილი ასრულებს.

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად უახლოეს მომავალში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი კონკურსს გამოაცხადებს.

„ქიზიყის“ ინფორმაციით, თეა ლეკაშვილი მუშაობას არასამთავრობო სექტორში განაგრძობს. ის კავშირ „ახალ სიტყვა – ახალი ინიციატივა“–ს ხელმძღვანელია. ორგანიზაცია დონორების ფინანსური დახმარებით საგანმანათლებლო სფეროში მუშაობს. ლეკაშვილი მანამდე გამგებლის თანაშემწედ და გამგეობის აპარატის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინატორად მუშაობდა.

ერთი ფანჯრის პრინციპით შექმნილი მოქალაქეთა მომსახურების ბიურო დედოფლისწყაროში 2011 წლის 27 იანვარს გაიხსნა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვა. პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში განხორციელდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი ჯეონიუსი

Комментариев нет:

Отправить комментарий