пятница, 24 февраля 2012 г.

მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა

დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურის, შ.პ.ს „სერვისი – 2007“–ის მიერ ორი ერთეული ტექნიკით თოვლის საფარისგან გაიწმინდა ქალაქ დედოფლისწყაროს და სოფლების – სამრეკლოსა და ხორნაბუჯის (ყოფილი ჯაფარიძე და წითელწყარო) შიდა გზები. როგორც „ქიზიყს“ მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, გაწმენდილია სასაფლაოების მისასვლელი გზები, სკოლების, საავადმყოფოსა და სხვა სასიცოცხლო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიები. მათი მტკიცებით, ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება.

როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, დამატებითი, არაგეგმიური სამუშაოები მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა. როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა განაცხადა, დიდთოვლობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად, საკრებულოს №6 განკარგულებით, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო, რომელიც გზების თოვლისა და ყინულისაგან გაწმენდის სამუშაოებს მოხმარდა.

საგანგებო ვითარებისა და უამინდობის გამო დედოფლისწყაროს საკრებულომ 10 თებერვალს რიგგარეშე სხდომა გამართა. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий