среда, 14 декабря 2011 г.

ლევან ღვინჯილია დედოფლისწყაროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე არსებულმა სტილისტურმა შეცდომებმა აღაშფოთა

ცნობილი ენათმეცნიერი და საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის ექს–ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე არსებულმა სტილისტურმა შეცდომებმა აღაშფოთა. ქართული ენის ქომაგი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტების ნინო მეხრიშვილისა და ანა ბენაშვილის წერის სტილით უკმაყოფილოა და არაპროფესიონალიზმის კვალს ხედავს. ღვინჯილია არც მწვავე შეფასებებს ერიდება და ცნობილ ანდაზას იშველიებს: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების”.

ლევან ღვინჯილია: „ამგვარი ტექსტების კომენტირებას არავითარი აზრი არა აქვს. მე არ მიყვარს უდაბნოში ყვირილი. მართალი გითხრათ, გინდა თუ არა, მგლის თავზე სახარება წავიკითხო და ჰადიშის ოთხთავი მოგაწოდოთ, ამაო გარჯაა, დამიჯერეთ... ის, რაც http://dedoplistskaro.ge–ზე წავიკითხე, საფელეტონე ტექსტია, მაგრამ მისი გარჩევის აზრს ვერ ვხედავ, რამდენადაც ეს ჩემთვის მოულოდნელი არ არის ... ლაკონურად რომ ვთქვა, ამას ჰქვია: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების”. დღევანდელი მასმედია ამ ენით ლაპარაკობს,“ – აცხადებს ლევან ღვინჯილია.

ფილოლოგი მიიჩნევს, რომ აღარც შეფასებებს აქვს აზრი და საჯარო მოხელეები, თუ მათი პრესმდივნები აღარც სპეციალისტების აზრს ითვალისწინებენ და არც საკუთარი შეცდომების გამოსწორებას ცდილობენ. თუმცა, იქვე აღიარებს, რომ ხელისუფლების ოფიციალურ ვებ–გვერდზე ამდენად გაუმართავი ტექსტების გამოქვეყნება ყოვლად დაუშვებელია.

შეგახსენებთ, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის საიტზე მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეთა დაჯილდოვების შესახებ არასწორად გამოქვეყნებულ სტატიას ორი თვის წინ პრესაში დიდი სკანდალი მოჰყვა. დაუდევრობის წყალობით, ვებ–გვერდმა გამარჯვებულთა სიაში ანზორ მაძღარაშვილიც ჩაწერა. მოგვიანებით შეცდომა მალევე ჩაასწორა, თუმცა მასზე დაყრდნობით გავრცელებულ სტატიებს აჟიოტაჟი მოჰყვა და ყველაფერი ისე შეფასდა – თითქოს გამგეობამ მაძღარაშვილი საპატიო მოქალაქეთა სიიდან კრიტიკული სტატიების გამო ამოიღო.

გამგეობისა და საკრებულოს პრესსამსახურის გამოუცდელობის, დაუდევარი ქმედებისა და არაპროფესიონალური მიდგომის გამო დაშვებული შეცდომის გამო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს სხვადასხვა მედიასაშუალებებში დიდხანს უწევდათ იმის მტკიცება, რომ ანზორ მაძღარაშვილი სიიდან არავის ამოუღია.

სტილისტური შეცდომები ვებ–გვერდზე თითქმის ყველა სტატიაში მრავლად გვხვდება: ციტატა სტატიიდან: „ახალი ობიექტი აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლებთან ერთად, საზეიმო ვითარებაში გახსნა ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორმა დავით ზუბიტაშვილმა, რომელმაც ლენტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ლევან ბაღაშვილთან და გამგებელთან ნიკოლოზ შანშიაშვილთან ერთად გაჭრა წითელი ლენტი“.

იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც ამ ვებ–გვერდით პერიოდულად სარგებლობენ, აღნიშნავს, რომ პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტების მიერ გამოქვეყნებული მასალები ძალზე გაუმართავია. მათი თქმით, ვებ–გვერდი არც ოპერატიულობით გამოირჩევა. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ საკუთარ ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამართულობასა და ოპერატიულობასთან დაკავშირებით საკუთარი თანამშრომლების მუშაობას გარკვეულწილად უნდა გადახედოს... /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий