სოფელ არხილოსკალოში წმიდა ხარების სახელობის ტაძრის მშენებლობა, რითიც სამ სოფელს უნდა ესარგებლა, უსახსრობის გამო შეჩერდა – ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" ტაძრის წინამძღვარმა მამა ლუკამ აცნობა. მისი თქმით, ეკლესია შემოწირულობებით შენდება. ,,სამშენებლო სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება, მხოლოდ გუმბათის ამოყვანა დარჩა, თუმცა ყველა რესურსი ამოიწურა, ამ ეტაპზე ფინანსები აღარ გვაქვს და მშენებლობა გაურკვეველი ვადით შეჩერდა". – აცხადებს მოძღვარი. ტაძარი სამ საზღვრისპირა სოფელს უნდა მოემსახუროს, ამდენად მისი მშენებლობის დასრულება ადგილობრივებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია და მოსახლეობა მის გახსნას მოუთმენლად ელის. როგორც ქიზიყმა გაარკვია, მისი მშენებლობა 6 წელია შემოწირულობებით მიმდინარეობს.

ეს საქმე ადგილობრივმა მეწარმემ, ნიკოლოზ ბენიაიძემ ითავა. ინფორმაცია ტაძრის მშენებლობის შეჩერების შესახებ გაზეთ "ქიზიყს" ნიკო ბენიაიძემაც დაუდასტურა. მისი თქმით, ადგილობრივებმა ყველანაირი შესაძლებლობები ამოწურეს და მშენებლობაც ამიტომ შეჩერდა: ,,წელს ცუდი წელი იყო, მოსავალი ვერ მივიღეთ და ალბათ ამიტომაც შეჩერდა მშენებლობა. ვისაც რა შეეძლო ყველამ გაიღო და ღვთის მადლით ტაძარი აქამდე მოვიყვანეთ, მხოლოდ გუმბათი რჩება... ყველაფერს გავაკეთებ, რომ მშენებლობა ბოლომდე მივიდეს და ტაძარი დროულად გაიხსნას. მე ვითავე და მე დავასრულებ... ღვინოს გავყიდი, ან რამეს მოვახერხებ და ვეცდებით სამუშაოები მალე გაგრძელდეს". – აცხადებს ბენიაიძე.
"ქიზიყის" კითხვაზე, ტაძრის მშენებლობაში შეიტანა თუ არა რაიმე სახის წვლილი ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ბენიაიძე განმარტავს, რომ გამგეობას მშენებლობისთვის ფინანსური დახმარება არასოდეს გაუწევია. მისი თქმით, დახმარების სათხოვნელად გამგეობისთვის არც მას შემდეგ მიუმართავთ, რაც რესურსი ამოწურეს და მშენებლობის გაჩერების საფრთხე დადგა. შეგახსენებთ, საინგილოს მოსაზღვრე ქართულ სოფლებში ქრისტიანული ტაძრები არ ფუნქციონირებს. საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობა სამუშაოების განახლების თხოვნით ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს: ,,გამგეობის ხელმძღვანელებს რომ უსმინოთ საზღვრისპირა სოფლები ჩვენთვის პრიორიტეტიაო ტრაბახობენ... არადა ათასები ჩაურიცხეს პოლიციას და ჯობდა ეს თანხები ჯერ ეკლესიისთვის მოეხმარებინათ, ამაზე საშვილიშვილო საქმეს რას გააკეთებდნენ. საზღვარია და რელიგიაც პრიორიტეტი უნდა იყოს, თუმცა, სამუშაოები რომ გაჩერდა არავის უკითხავს აბა რა გიჭირთ, დახმარება ხომ არ გინდათო. მოგვაქციონ ყურადღება, სირცხვილია. სამი სოფელი მართლმადიდებლური ტაძრის გარეშეა, საზღვარი და რწმენა ჩვენ თუ არ გავამყარეთ, ისე რა გამოვა. გამონახონ თანხები და დაგვეხმარონ, რომ ტაძრის მშენებლობა დასრულდეს და სანთლის დანთების საშუალება ჩვენც დროულად გვქონდეს". – აცხადებენ საზღვარზე ჩასახლებულები და ხელისუფლებისგან ცრუ დაპირებების ნაცვლად რეალურ დახმარებას ელიან. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий