вторник, 13 декабря 2011 г.

საწვავის დეფიციტის ფონზე დედოფლისწყაროში „სოკარის“ პირველი სადგური გაიხსნა

ქალაქ დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ახალი ბენზინგასამართი სადგური გაიხსნა. ის თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. ობიექტი აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლებთან ერთად, საზეიმო ვითარებაში გახსნა ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორმა დავით ზუბიტაშვილმა.

წითელი ლენტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილთან და გამგებელთან ნიკოლოზ შანშიაშვილთან ერთად გაიჭრა. ზუბიტაშვილმა დასაქმებულ ადამიანებს მუშაობის დაწყება მიულოცა და უსაფრთხო და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
შემდეგ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერეს კომფორტულად მოწყობილი სხვადასხვა დანიშნულების ოთახები, გასახდელი, საშხაპე და ტუალეტი, რომლებიც ეზოშიცაა მოწყობილი.
მათი განმარტებით, ობიექტზე დაცულია უსაფრთხოების წესები და სანიტარიული ნორმები. აქ დასაქმებულ პერსონალს, რომელიც 13 ადამიანს შეადგენს, საკმაოდ მაღალი ანაზღაურება, ამასთანავე – უფასო, ერთჯერადი კვება და სპეციალური ტანსაცმელი აქვს.
ზუბიტაშვილმა მადლობა გადაუხადა საკრებულოს თავმჯდომარეს, რადგან სწორედ მისი ძალისხმევის შედეგად მოხდა კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დედოფლისწყაროში შემოსვლა.

ბოლო დროს, ადგილობრივ მძღოლებს საწვავის შესაძენად ქალაქიდან გასვლა და რაიონის შემოსასვლელში მდებარე სადგურით სარგებლობა უხდებოდათ, რადგანაც სხვადასხვა ფაქტორების გამო ქალაქში ფუნფციონირება ყველა ბენზინგასამართმა სადგურმა ერთმანეთის თანმიმდევრულად შეწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ოთხი თვის წინ დედოფლისწყაროში არსებული ბენზინგასამართი სადგურების მასობრივად ხელში ჩაგდების საკითხზე "ქიზიყი" ექსკლუზიურად წერდა. მაშინ ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის მეპატრონე აცხადებდა, რომ ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაცია არასწორია და სადგურის გაჩერებას არ აპირებდნენ: „ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურს 90 ათას დოლარად ვყიდი... ამ საკითხზე და ზეწოლის ფაქტებზე სხვა არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ!.. დანარჩენი „სოკარს“ ჰკითხეთ. მე ვყიდი და თქვენ შეიძენთ, თუ „სოკარი“ ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს,“ - მეწარმე გიორგი ბიკაშვილმა ეს კომენტარი მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში გააკეთა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ცენტრალურ ქუჩაზე მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო. "ქიზიყმა" სადგურის გასხვისების ფაქტის გადამოწმება ისევ მეპატრონესთან სცადა. ამჯერად ბიკაშვილი სოკარისთვის მიყიდვას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ობიექტი მხოლოდ გააქირავა. ის სოკარის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლაზე არც ამჯერად საუბრობს, თუმცა მიანიშნებს, რომ ბოლო დროს მუშაობას ვეღარ ახერხებდნენ. ამაში შემოსავლების კლება იგულისხმება, თუ ზეწოლა, "ქიზიყმა" ამის დაკონკრეტება ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ამ ობიექტიდან სულ რამდენიმე მეტრში, ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრალურ მოედანზე სოკარმა კიდევ ერთი ტერიტორია შეისყიდა და კიდევ ერთი ბენზინგასამართი სადგურის გახსნას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია „სოკარი“ საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მეუღლეებს ეკუთვნით, ისინი კი კონკურენტების ჩამოშორებას ბინძური მეთოდების გამოყენებით ცდილობენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий