четверг, 6 октября 2011 г.

საკრებულომ ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი გამოაცხადა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა. შესაბამის ბრძანებას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა 4 ოქტომბერს ხელი უკვე მოაწერა. ვაკანტური ადგილებია სახანძრო სამაშველო სამსახურსა და ერთ–ერთი სოფლის ტერიტორიულ ორგანოში. კონკურსი 23 ოქტომბერს დაინიშნა.
კონკურსი გამოცხადებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში სამსახურის უფროსის, სახანძრო განყოფილების უფროსის, სამაშველო საავარიო განყოფილების უფროსის, მეხანძრის 5 და მაშველის 6 ვაკანტურ თანამდებობაზე. იმავდროულად კონკურსი გამოცხადებულია მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ზემო მაჩხაანის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის თანამდებობაზეც.

როგორც საკრებულოში განმარტავენ, კონკურსში მონაწილეობის მსურველი კანდიდატი უნდა იყოს 18-დან 65 წლის ასაკამდე საქართველოს მოქალაქე. კონკურსში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ როგორც საჯარო მოსამსახურეებმა, დაკავებული თანამდებობის მიუხედავად, ისე პირებმა, რომლებიც არ იმყოფებიან საჯარო სამსახურში, არიან საქართველოს მოქალაქეები, ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას და აქვთ საშუალო განათლება მაინც.

ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა 21 ოქტომბერს იწურება. „ქიზიყის“ ინფორმაციით, კონკურსი გასაუბრების ფორმით 2011 წლის 23 ოქტომბერს, დღის 11:00 საათიდან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, ატესტაციის დროს რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ტესტირების შედეგად სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსი ნიკალა ფიროსმანაშვილიც ჩაიჭრა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი NEWSLINE>>

Комментариев нет:

Отправить комментарий