воскресенье, 18 сентября 2011 г.

16 წლის გოგონა, რომელიც შეყვარებულმა შეაცდინა, თვითმკვლელობაზე ფიქრობს

"ქიზიყის" ელექტრონულ ფოსტაზე ერთი უცნაური წერილი მოვიდა. დიდხანს ვიფიქრეთ, ღირდა თუ არა მისი გამოქვეყნება, მაგრამ, რაკი ავტორი მის გამოქვეყნებას დაჟინებით გვთხოვს, გადავწყვიტეთ სამსჯავროზე გამოვიტანოთ. აქვე დავამატებთ, რომ თემის აქტუალობიდან გამომდინარე, გამოხმაურების მსურველებს შეუძლიათ მოგვწერონ ელექტრონულ ფოსტაზე: gazetiqiziyi@yahoo.com
,,გამარჯობა, მინდა ჩემი დაქალის პრობლემაზე მოგიყვეთ... ჩვენ ისე ახლოს ვართ ერთმანეთთან, რომ პრინციპში მისი პრობლემა იგივე ჩემი პრობლემაა. ამიტომაც განვიცდი და გამოსავალს ვერ ვპოულობ. მე 17 წლის ვარ, ჩემი დაქალი კი ჯერ მხოლოდ 16 წლისაა და უკვე თვლის, რომ სიცოცხლე აღარ უნდა.
რამდენიმე თვის წინ ჩემი უახლოესი მეგობარი ბედნიერი იყო. შეყვარებული ჰყავდა, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, დღემდე სიგიჟემდე უყვარს და ფიქრობდა, რომ ბედნიერი იქნებოდა, დღეს კი თვითმკვლელობაზეც ფიქრობს და შეშინებული ვარ... არ ვიცი, როგორ მოვიქცე. შეძლებისდაგვარად ყოველთვის ვამშვიდებ, მაგრამ რამდენად შევძლებ, არ ვიცი...
ჩემს დაქალს ერთი 19 წლის ბიჭი უყვარდა, ის თბილისში სწავლობს და დედოფლისწყაროში იშვიათად ჩამოდის. ვიცოდი ერთმანეთი რომ უყვარდათ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ამ ბიჭს ეჭვის თვალით ხშირად ვუყურებდი. ჯერ ერთი რატომღაც მის თვალებში ყოველთვის რაღაც ეშმაკური იკითხებოდა და რატომღაც მე არ ვენდობოდი. ეს არც ჩემი მეგობრისთვის დამიმალია და ყოველთვის ვუმეორებდი, რომ არ მომწონდა. გამუდმებით ვუმტკიცებდი, რომ უცნაური ტიპი ჩანდა და მისი ნდობა არ ღირდა. ახლა აღმოჩნდა, რომ არ ვცდებოდი, თუმცა უკვე გვიანაა... მისი ნდობა ჯერ კიდევ იმიტომ არ ღირდა, რომ ის თბილისში სწავლობდა და იქ ცხოვრობდა, თვეების მანძილზე დედაქალაქში იყო. წარმოიდგინეთ, იქ რამდენ გოგონებთან ექნებოდა შეხება. თავიდანვე ვეჭვობდი, რომ შეიძლება ჩემი მეგობარი მოეტყუებინა და მას თბილისში სხვა შეყვარებულიც ჰყოლოდა.
ზაფხულში არდადაგების დროს ცოტა ხნით დასასვენებლად წავედი ოჯახთან ერთად და ჩემი დაქალი 2 კვირის მანძილზე აღარ მინახია. იქიდან რომ ჩამოვედი და შევხვდი ძალიან სევდიანი იყო. ვეღარ ვიცანი, ასეთი მოწყენილი არასოდეს მინახავს. მუდმივად მხიარული ხასიათის, ხალისიანი გოგო იყო. პირველი ერთი კვირა ისე გავიდა სულ თავს მარიდებდა, აღარც შეხვედრა უნდოდა და სულ სახლში გამოკეტილი იჯდა. მიკვირდა მისი ასეთი საქციელი, მაგრამ არც ახსნის საშუალებას არ მაძლევდა.
ჩემი დაჟინებისა და დიდი კამათის შემდეგ ნელ-ნელა გამოვტეხე... ჯერ მითხრა - ვიჩხუბეთ და გაბუტულები ვართ, დაგრუზულიც ამიტომ ვარო... მერე მითხრა, დავშორდი და ამიტო ვარ მოწყენილიო... რამდენიმე დღის მერე კი გაირკვა, რომ ჩემი დაქალი ამ ბიჭმა შეაცდინა და ცხოვრება გაუმრუდა. მანამდე ტუჩებში კოცნა რომ აკავშირებდათ ეს ვიცოდი და საგანგაშოდ არ მიმიღია, რადგან ახალგაზრდებში ე.წ. "ზასაობა" აღარავის უკვირს და ჩვეულებრივი ამბავია... მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ჩემი არ ყოფნის დროს ეს ვაჟბატონი დედოფლისწყაროში ჩამოვიდა, ჩემს დაქალს შეხვდა და ერთ ჩვეულებრივ საღამოს მათი მორიგი კოცნა სექსით დასრულდა... 2 თვეში დავქორწინდებითო ატყუებდა და წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია...
16 წლის გოგონას მოტყუება ყველაზე ადვილია, ესეც ძალიან გულუბრყვილოა, უზომოდ უყვარდა და ვერ გააცნობიერა... როცა ყველაფერში გაერკვა უკვე გვიან იყო... რაც დრო გადის და მომხდარს აანალიზებს უფრო ისტერიული ხდება. მართალია ამას გაუპატიურებას ვერ დაარქმევს, რადგან მას ძალა არ უხმარია, ყველაფერი უცებ მოხდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მომხდარის შემდეგ ეს ბიჭი მის მიმართ ძალიან შეიცვალა და გაცივდა... აღმოჩნდა ისიც, რომ თბილისში საცოლე ჰყავს და ისიც მიახალა ცოლად შენ ვერ მოგიყვან, მხოლოდ ჩემი საყვარლობა შემიძლია შემოგთავაზოო და ამაზე ბავშვი სულ გადაირია...
აღარ იცის ეს ამბავი დამალოს თუ მშობლებს გაუმხილოს. რომ დამალოს ამ საიდუმლოს ასე როდემდე ატარებს? გამხელაზე რომ იფიქროს, ისიც საკითხავია, მომხდარის შესახებ როგორი კუთხით აუხსნას მშობლებს, ანდა რა რეაქცია ექნებათ მის მშობლებს, რომლებიც სხვა თაობას ეკუთვნიან და სულ სხვა შეხედულებები აქვთ შვილის პატიოსნებასთან დაკავშირებით. მითუმეტეს, რომ ჩემი დაქალი ჯერ მხოლოდ 16 წლისაა. დიდ გაურკვევლობაში და დეპრესიაში ვართ ორივე. არ ვიცით რაში ვიპოვოთ გამოსავალი.
გეფიცებით, უკვე სამჯერ მითხრა ვენებს გადავიჭრი, ან თავს ჩამოვიხრჩობო. მეშინია, ამ ბოლო დროს ჩვენს რაიონში თავი ბევრმა ჩამოიხრჩო და სულ მეშინია ამ ბავშვმაც რაიმე სისულელე არ ჩაიდინოს. ახლა ის ისეთ მდგომარეობაშია და ისეთი ასაკი გვაქვს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს... ამიტომ გთხოვთ დახმარებას...
ძალიან გთხოვთ, ასეთ პრობლემებზე ჟურნალისტები ხშირად წერენ და ფსიქოლოგის მოსაზრებებსაც ბეჭდავენ. გემუდარებით, იქნებ ვინმემ რაიმე გვირჩიოთ. დავეხმაროთ ჩემს დაქალს. იქნებ გამოსავალი გვაპოვნინოთ და ეს დაბრკოლება შედარებით ადვილად გადაგვალახინოთ. გვირჩიეთ, რა გზას დაადგეს, ანდა ღირს თუ არა, რომ მომხდარის შესახებ მშობლებს უამბოს?"...
რჩევები და გამოხმაურებები მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: gazetiqiziyi@yahoo.com - ველით თქვენს გამოხმაურებებს. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий