воскресенье, 21 августа 2011 г.

ყოფილი თანამშრომლები წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელს უპირისპირდებიან

წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვისცენტრიდან გათავისუფლებული ათამდე ადამიანი გერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის მენეჯერს გიორგი ბენაშვილს უპირისპირდება და ახლობლების დასაქმებაში ადანაშაულებს.
უკიდურესად გაჭირვებული 7 შვილის მამა ელგუჯა ჯორკოშვილი ერთ-ერთია, რომელიც სამსახურიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს. სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი მრავალშვილიანი მამა "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ ბენაშვილმა განცხადების დაწერა აიძულა. გათავისუფლებული მუშები ხაზს უსვამენ, რომ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა მამუკა გურაშვილმა და ირაკლი ხოსროშვილმა წყალმომარაგების კომპანიაში ახლახან სერიოზული პოზიციები დაიკავეს.
მითქმა-მოთქმა არ ცხრება იმის თაობაზეც, რომ გიორგი ბენაშვილმა სამსახურში ახლობლების გარდა, საკუთარი ნათესავებიც დაასაქმა. ბუღალტრად დაინიშნა მაია ბენაშვილი, ხოლო ინკასატორად ასევე მისი ნათესავი - დალი სამადაშვილი. პირადი ინტერესებით დაკომპლექტდა ასევე, ტექ-პერსონალი და მუშები.
,,მუშად ვიყავით გაფორმებული და ყოველთვიურად 140 ლარს ვიღებდით. საოჯახო საქმეებს გადავდებდი-ხოლმე და ყოველთვის იქ მივდიოდი, რომ მოვალეობები პირნათლად შემესრულებინა. იმიტომ გაგვათავისუფლეს, რომ მერე თავისი ახლობლები და მეგობრები დაესაქმებინათ. ჩვენ გამოგვყარეს და სულ თავისი ხალხი ჩასვეს... ჩვენ კი ოჯახები ლუკმა-პურის გარეშე დაგვიტოვეს და ამხელა ცოდვა წამოიკიდეს," - აცხადებენ გათავისუფლებული თანამშრომლები და გიორგი ბენაშვილს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ.
დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრში არსებულ განუკითხაობასა და ქაოტურ ვითარებაზე, ყოფილი თანამშრომლების გარდა, ადგილობრივი ოპოზიციაც ღიად საუბრობს. გიორგი ბენაშვილს არაკომპეტენტურობასა და კადრების პირადი ინტერესებით დასაქმებაში მოძრაობა "თავისუფალი საქართველო"-ც ადანაშაულებს:
,,ორიოდ წლის წინ დედოფლისწყაროს საგადასახადო სამსახურის უფროსს ირაკლი ხოსროშვილს თანამდებობა სკანდალურად დაატოვებინეს. იმხანად თბილისში და კახეთში გამომავალი გაზეთები პირდაპირ მიუთითებდნენ და წერდნენ, რომ ხოსროშვილის სავარძელი მაშინ ნარკოტიკებს შეეწირა. ამ ფონზე, ხოსროშვილი ახლახან წყალმომარაგების კომპანიის ადგილობრივ სერვის-ცენტრში შემოსავლების სამსახურის უფროსად დანიშნეს... დაუშვებელია, ასეთი რამ ხდებოდეს. ვაპროტესტებთ იმას, რომ ასეთი პრეცენდენტი კიდევ ხდება. მოვითხოვთ, კახეთის გუბერნია დაინტერესდეს ამ საკითხით და წყალმომარაგების კომპანიაში დასაქმებული კადრები ოდნავ მაინც ერკვეოდნენ მათ მოვალეობებში. გუბერნატორი ასეთ საკითხებს უნდა აკონტროლებდეს... აშკარაა, რომ სრულიად არაკომპეტენტური ადამიანები არიან დასაქმებულნი. მათ შორის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის უფროსი გიორგი ბენაშვილიც ვერ ერკვევა ამ საპასუხისმგებლო საქმეში. ბენაშვილს უშიშროების სკოლა აქვს დამთავრებული და დაუშვებლად მიმაჩნია, ასეთი კადრი ამ კომპანიას ხელმძღვანელობდეს. იმიტომაც არის ამ ორგანიზაციაში ძალზე ქაოტური ვითარება და უარყოფითი შედეგებიც სახეზე გვაქვს. სწორედ ამიტომ ჩავარდა დედოფლისწყაროს წყლით მომარაგების 24 საათიანი გრაფიკი," - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფალი საქართველო"-ს დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამილა გურაშვილი.
შეგახსენებთ, "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დედოფლისწყაროს სერვისცენტრის მენეჯერი გიორგი ბენაშვილი, მანამდე სოფელ ზემო მაჩხაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის პოსტს იკავებდა. ის კუდ-ის ადგილობრივი წარმომადგენლის სოსო ბენაშვილის ბიძაშვილია. კომპანიის ხელმძღვანელობას გიორგი ბენაშვილი ამ პოსტზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ წარუდგინა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий