воскресенье, 21 августа 2011 г.

სოფლის რწმუნებულს ოზაანშიც ემდურიან და ოჯახის წევრების დასაქმებაში ადანაშაულებენ

სოფელ ოზაანის მოსახლეობა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს სოსო თევზაძეს ღიად უპირისპირდება. "ქიზიყმა" ადგილობრივებისგან არაერთი კონკრეტული ბრალდება მოისმინა, რომელზეც მოგვიანებით, თავად რწმუნებულის პოზიციითაც დავინტერესდით.

,,რწმუნებულს რა თქმა უნდა, ვემდურებით... არაფრის გამკეთებელია... ნებისმიერ საკითხზე, რაზეც მოსახლეობა მასთან მიდის, ყოველთვის ასე ამბობს, ჩემი საქმე არ არისო, თუ არაფერს ეკითხებიან ხელფასს რაში უხდიან, ეგ მაინც აგვიხსნან ამ მშიერ ხალხს," - აცხადებს ადგილობრივი თურმან კოხტაშვილი.

,,წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები რომ მიმდინარეობდა რწმუნებულმა და მისმა თანამშრომლებმა თავისი შვილები ამ პროექტში დაასაქმეს, რომ ეს ფულიც მათ ოჯახებში შესულიყო და გლეხებს არ მოხმარებოდა. ელექტრო ბოძებზე რწმუნებული თვითონ ადიოდა და სამუშაოები თვითონ შეასრულა, რომ მუშისთვის განკუთვნილი ხელფასიც თვითონ ჩაეჯიბა... მის შვილებს რომ არაფერი მოაკლდეს ყველაფერს ცდილობს, ხალხის ბედი კი საერთოდ არ აინტერესებს... ესაა მოსახლეობაზე მზრუნველი რწმუნებული? ასეთი უნდა იყოს სააკაშვილის ხელისუფლების წევრი?... ასე, ღვთის ანაბარა ვართ მიტოვებულები," - აღშფოთებას ვერ ფარავს მოსახლეობა.

,,სოფელს ნაგავსაყრელიც არ გააჩნია, ზაფხული მოვიდა და სოფელში არსებული ანტისანიტარია უფრო სახიფათო გახდა, რწმუნებული კი არაფერს ფიქრობს. ეს პრობლემა მოუგვარებელია. სკოლასთან მისასვლელი გზა ძალიან დაზიანებულია. იმხელა გუბეები დგას, ბავშვები სკოლაში მისვლას ვერ ახერხებენ და სულ ლაფში ამოსვრილები დადიან. საძოვრებიც კი შეღობილი აქვთ და მოსახლეობას საქონელი საბალახოდ ვერსად გაჰყავს," - აღნიშნავს ოზაანის მკვიდრი ვალიკო მეხრიშვილი.

"ქიზიყმა" მოსახლეობის ბრალდებები რწმუნებულს, სოსო თევზაძეს გააცნო. ოზაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული შვილების დასაქმებას უარყოფს: ,,არა, არა... ასეთი ფაქტი არ ყოფილა. არც ჩემი შვილები დასაქმებულან და არც ჩემს თანამშრომლებს დაუსაქმებიათ მათი შვილები. ზუსტად აღარ მახსოვს ვინ დასაქმდა, მაგრამ სოფლის მაცხოვრებლები მუშაობდნენ," - განმარტავს რწმუნებული.
წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მოქალაქეებიდან რწმუნებულმა მხოლოდ ერთადერთი გვარი დაასახელა და ის გოჩა ყაჭაშვილი გახლდათ. ცნობილია, რომ ყაჭაშვილი რწმუნებულის მეგობარია. "ქიზიყის" ინფორმაციით, გოჩა ყაჭაშვილი თევზაძის დანიშვნამდე სოფლის რწმუნებულის თანამდებობას იკავებდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий