воскресенье, 14 августа 2011 г.

„სოკარი“ დედოფლისწყაროში ბენზინგასამართი სადგურების მასობრივ ჩაძირვას ცდილობს?!

დედოფლისწყაროს რაიონში მოქმედი ბენზინგასამართი სადგურები მასობრივად იხურება, ან იყიდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შექმნილი ვითარება კომპანია „სოკარის“ პირად ინტერესებს და მონოპოლიის შექმნის მცდელობას უკავშირდება. აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „სოკარი“ საწვავის მონოპოლიის ხელში ჩაგდებას დედოფლისწყაროშიც ცდილობს და ამ მიზნით დედოფლისწყაროში მოქმედი სადგურების მფლობელებზე ძლიერ ზეწოლას ახორციელებენ.

„სოკარმა“ დედოფლისწყაროს ცენტრალურ მოედანზე უკვე შეიძინა შესაბამისი ფართი, სადაც ახალი ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა სულ მალე დაიწყება.
ინტერნეტ-გაზეთი „ქიზიყი“ ვითარების გასარკვევად ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებს დაუკავშირდა. მათი ნაწილი „ქიზიყთან“ საუბარში აცხადებს, რომ ჯერჯერობით მუშაობას აგრძელებენ, თუმცა მომავალში რა იქნება ვერ აკონკრეტებენ. მეწარმეთა ნაწილი კი ადასტურებს, რომ სადგურებს უკვე ჰყიდიან, თუმცა ზეწოლებზე საუბარი არ სურთ.
„ჭორები ვრცელდება, სადგური არ გაგვიქირავებია. ხვალიდან მუშაობას ისევ დავიწყებთ... თუმცა, ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურს 90 ათას დოლარად ვყიდი... ამ საკითხზე და ზეწოლის ფაქტებზე სხვა არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ!.. დანარჩენი „სოკარს“ ჰკითხეთ. მე ვყიდი და თქვენ შეიძენთ, თუ „სოკარი“ ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს,“ - ამბობს მეწარმე გიორგი ბიკაშვილი.
„ბენზინის დეფიციტი იყო, მაგრამ ახლა შემოვიტანეთ. ფასის სხვაობაც დაფიქსირდა, მაგრამ ახლა ერთი ლიტრი 2.20 ლარი ღირს. არავითარი ზეწოლა არ ყოფილა, უბრალოდ დეფიციტი შეიქმნა... ვიცი, რომ „სოკარი“ სადგურის გახსნას აპირებს, მაგრამ სხვა არაფერი ვიცი... ჯერჯერობით ვმუშაობთ და გაჩერებას არ ვაპირებთ. რა ვიცი, ჯერჯერობით ისევ ვმუშაობთ,“ - ამბობს ბენზინგასამართი სადგურების მეპატრონე დავით გონაშვილი და საწვავის დეფიციტის მიზეზებს არ აკონკრეტებს.
„მე სოფელ არბოშიკში მხოლოდ ერთი პატარა ბენზინგასამართი სადგური მაქვს და ისიც გაჩერებულია, აღარ ვამუშავებ!... სხვა არაფერი ვიცი, საქმის კურსში არ ვარ. დანარჩენი დათო გონაშვილს ჰკითხეთ. მე ვერაფერს გეტყვით,“ - აცხადებს ექს-პარლამენტარი ბაჩუკი გონაშვილი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია „სოკარი“ საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მეუღლეებს ეკუთვნით, ისინი კი კონკურენტების ჩამოშორებას ბინძური მეთოდების გამოყენებით ცდილობენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
გმირთა მემორიალის ესკიზის შექმნაზე კონკურსი გამოცხადდება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ქალაქ დედოფლისწყაროში ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილი მოქალაქეების სახელის უკვდავსაყოფად უახლოეს მომავალში მემორიალის საუკეთესო ესკიზის შერჩევის მიზნით კონკურსს გამოაცხადებს. როგორც დედოფლისწყაროს საკრებულოში განმარტავენ, ,,საკონკურსო პროექტის ესკიზები გადაწყვეტილი უნდა იყოს თავისუფალი დიზაინის, სკულპტურულ-არქიტექტურული საშუალებით. მემორიალურ დაფაზე ამოტვიფრული უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან გაწვეული ყველა გარდაცვლილის სახელი და გვარი. ესკიზის ავტორები თავისუფალნი იქნებიან მემორიალური კომპოზიციის განსახორციელებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში, მაგრამ მემორიალის საერთო ღირებულება, ანუ ხარჯთაღრიცხვა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს," - აცხადებენ საკრებულოში. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, კონკურსი სულ მალე გამოცხადდება, ხოლო მემორიალის მშენებლობა რამდენიმე თვეში უნდა დაიწყოს. დედოფლისწყაროს საკრებულოში განმარტავენ, რომ გამარჯვებული ესკიზის ავტორს ჯილდოს სახით 1 000 ლარი გადაეცემა და მემორიალი მისი ნამუშევრის მიხედვით აიგება. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий