პოლიტიკური პარტია “თავისუფალი საქართველო” ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი გმირის დეზერტირად გამოცხადებაში ადანაშაულებს. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის განცხადებაში არის ნათქვამი, ადამიანი, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის ომში წინა ხაზზე იბრძოდა, დეზერტირად გამოაცხადეს და ციხეში საეჭვო ვითარებაში მოკლეს.
“ეგრეთ წოდებული მთავრობის ოფიციალური განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს უაზრო ომში დედოფლისწყაროდან სამი ახალგაზრდა დაიღუპა. 18 წლის გიორგი აბიათარი სოფელ ჯაფარიძიდან, 18 წლის გოჩა ილურიძე სოფელ ზემო ქედიდან, რომელთაც იარაღის ხმარებაც არ იცოდნენ, 30 წლის თემურ ბერიძე სოფელ ფიროსმანიდან. ისინი ფაქტობრივად „საზარბაზნე ხორცად“ გაუშვეს წინა ხაზზე. „თავისუფალი საქართველოს „ დედოფლისწყაროს ორგანიზაციაში მიგვაჩნია, რომ დედოფლის წყაროდან დაიღუპა არა სამი, არამედ ოთხი ადამიანი. მეოთხე არის აფხაზეთის ომგამოვლილი გმირი, 37 წლის გელა გოგილაშვილი, რომელიც ცხინვალის ომშიც წინა ხაზზე იბრძოდა”,—ნათქვამია განცხადებაში.
„თავისუფალი საქართველოს” ცნობით, აფხაზეთსა და ცხინვალში გელა ყოველთვის მაგალითი იყო თანამებრძოლებისათვის, ყოველთვის წინ მიუძღოდა ჯარისკაცებს და იბრძოდა სამშობლოსათვის. ის ძლიერი იყო ფიზიკურად და სულიერად ,ამიტომ ყველას უყვარდა. ომიდან სახლში მობრუნებული შოკირებული იყო იმ საშინელებების გამო, რაც მან იქ ნახა. გელა არასოდეს მიმალულა, მაგრამ ამის მიუხედავად, ის დაიჭირეს, დეზერტირად გამოაცხადეს და რამდენიმე ხანში ციხეში საეჭვო ვითარებაში მოკვდა. დაკრძალვის დღეს დედა ელდით გარდაეცვალა, ცოტა ხანში ახალგაზდა ძმისშვილი ლევან გოგილაშვილი მოუკლეს, რომლის საქმეც ახლაც გაუხსნელია.
”მამა ჭკუაზე აღარ არის დარდისაგან. ერთი სიტყვით, მთლიანი ოჯახი გაუბედურდა“,—აცხადებენ ოჯახის ახლობლები.
„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია გელა გოგილაშვილისათვის დეზერტირის სტატუსის მოხსნასა და მისთვის გმირის წოდების მინიჭებას ითხოვს. ორგანიზაცია ასევე ითხოვს, შემდგომში სრული პასუხისმგებლობა არამარტო ომის წამომწყებ ძალოვანებს, არამედ ადგილობრივი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებსაც დაეკისროთ, რადგან მათი უნიათო პოლიტიკის შედეგად დაიღუპა ცხინვალის ომში 228 მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო 30 000 ადამიანი დღემდე დევნილობაში რჩება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий