პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფალი საქართველო" კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებას ეხმაურება. პრეზიდენტის რწმუნებულმა რეგიონში ალოობის დაწყების კომენტირებისას აღნიშნა, რომ კახეთში მარცვლეული კულტურების უპრეცენდენტო მოსავალი მოვიდა. ღვინიაშვილის ამ განცხადებას ოპოზიციური პარტია უპასუხისმგებლოს უწოდებს.
მათი თქმით, შირაქის უხვმოსავლიანი მიწების დიდი ნაწილი წელს დაუმუშავებელი დარჩა. მიზეზი კვლავაც საწვავის სიძვირე, ტექნიკის არარსებობა და სხვა გარემოებები იყო. გარდა ამისა, რიგითი დედოფლისწყაროელების უდიდესმა ნაწილმა მიწები სხვადასხვა მიზეზით დაკარგა და ერთ გოჯ მიწასაც აღარ ფლობს. როდესაც გუბერნატორი აცხადებს, რომ უპრეცენდენტო მოსავალი მოვიდა, ოდნავი უხერხულობა მაინც უნდა ეგრძნო, რადგანაც მან ყველაზე უკეთ იცის, რომ უპრეცენდენტო მოსავალი მხოლოდ რამდენიმე მსხვილმა ფერმერმა მიიღო.
მოსახლეობისთვის კვლავაც არაფერი შეცვლილა. დედოფლისწყაროში მიწების სოლიდურ ნაწილს ამჯერად პარლამენტარი ავთანდილ ლეკაშვილი, ყოფილი მაჟორიტარი ბეჟან გონაშვილი და სხვა მსხვილი ფერმერები ფლობენ. ასე რომ, უპრენდენტო მოსავალი მოიწიეს ისევ მათ, ვისი ფინანსური შესაძლებლობები მანამდეც საკმაოდ ძლიერი იყო," - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
,,ე.წ. დილიჩის ტერიტორიაზე 3 055 ჰექტარი მიწა, რომლებსაც დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლებში ჩასახლებულები ბოლო წლებში სარწყავი სისტემების მოშვლის გამო ვერ ამუშავებენ, ჩამოართვეს და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონის წესით გაყიდა. მთელი სამი სოფლის მიწა მხოლოდ ერთმა ფერმერმა შეიძინა. ასევე, შირაქის მიწების დიდ ნაწილს ებრაელები და ინდოელები ფლობენ.
დედოფლისწყაროსა და მის სოფლებში მცხოვრებმა გლეხებმა მიწები სხვადასხვა მიზეზით მასობრივად დაკარგეს. გუბერნატორის ეს განცხადება, ისევე როგორც სხვები, არის სიცრუე და მოსახლეობის თვალში ნაცრის შეყრა. ამგვარი განცხადებები მხოლოდ იაფფასიან პიარზეა გათვლილი," - აცხადებს მოძრაობა "თავისუფალი საქართველო"-ს დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილი.
მაშინ, როცა "პურის ბეღლად" წოდებულ შირაქის ველებზე 45 000 ჰა მარცვლეული ითესებოდა, წელს მთლიანად დედოფლისწყაროში ხორბალი მხოლოდ 7-8 ათას ჰექტარზე დაითესა. ამ ციფრებიდანაც ნათლად ჩანს, რა ვითარებაშია სოფლის მეურნეობა კახეთის რეგიონში. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий