
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ოზაანში აღმოჩენილი კარი, რომელზეც ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის წარწერაა, სადაო კიდევ ერთხელ ხდება. სახლის თავდაპირველი მეპატრონე ავთო ოზაშვილი თანასოფლელ ტრისტან ოზაშვილს ედავება.
ავთო ოზაშვილი ამ დროისთვის ბელგიაში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ ტრისტან ოზაშვილი მის სახლში ქირით ცხოვრობდა და მას კარმიდამოს გასხვისების უფლება არ ჰქონდა. სოფელი კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს.
ოზაანში ამბობენ, რომ ტრისტან ოზაშვილმა დაახლოებით 30 წლის წინ სახლი ავთო ოზაშვილის მამისგან ოფიციალურად შეიძინა. ამის შემდეგ კი, 2010 წელს კუთვნილი ტერიტორია მესამე მფლობელზე, ბოდბისხევში მცხოვრებ ვანო ქვრივიშვილზე გაასხვისა. საქმეზე სასამართლო იმსჯელებს. /ქიზიყი/
ილია მარტყოფლიშვილი
* * *
გარემოსდაცვითი ორგანიზაციის მტკიცებით დედოფლისწყარო რისკის ზონაშია
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) კახეთის რეგიონში რისკის ზონების სია გამოაქვეყნა, მათ შორის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიც მოხვდა. გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ინფორმაციით, 2011 წელს საშიში გეოლოგიური და ჰიდროლოგიური პროცესების განვითარება კახეთის რვავე რაიონშია მოსალოდნელი.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პრევენციული ღონისძიებებისთვის საჭირო თანხა მილიონ ლარს აჭარბებს. არასამთავრობო ორგანიზაციამ კონკრეტული სამუშაოების ნუსხაც გამოაქვეყნა, სადაც საუბარია სოფლებში საბათლოსა და ფიროსმანში განსახორციელებელ სამუშაოებზე.
სოფელ საბათლოში მდინარე ალაზანი - ნაპირსამაგრი სამუშაოები და დამცავი ნაგებობის მოწყობა – 250 000 ლარი;
სოფელ ფიროსმანში მდინარე ალაზანი - გაბიონის მოწყობა - 450 ათასი ლარი;
დედოფლისწყარო მდინარე ალაზანი - ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება 900 მეტრ სიგრძეზე;
ორგანიზაციის ცნობით, რისკის თავიდან აცილებას თვითმმართველობები საკუთარი რესურსებით ვერ უზრუნველყოფენ. პრობლემას განსაკუთრებით ის გარემოება ამწვავებს, რომ გასულ წელს, გაურკვეველი მიზეზების გამო, პრევენციული ღონისძიებების დაფინანსება 2009 წელთან შედარებით ექვსჯერ შემცირდა. CENN-ის ცნობით, მოსალოდნელი სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე, რისკის თავიდან ასაცილებლად საჭირო ღონისძიებებისათვის აუცილებელი თანხები არც წლევანდელ ბიუჯეტშია ადეკვატურად ასახული. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий