
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს გამგეობის მიერ 2010 წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარუდგინა.
გასულ წელს, გამგებელმა პირადად მიიღო 1 500 მოქალაქე, გამგებლის მოადგილეებმა 1 000, ხოლო, სტრუქტურული სამსახურების უფროსებმა 600 მოქალაქე მიიღეს. მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსულია 2 357 მოქალაქის განცხადება, ხოლო კახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან 19 განცხადება.
დეპუტატებმა გამგეობის მიერ 2010 წელს განხორციელებული მუშაობა დამაკმაყოფილებლად შეაფასეს.
მოგვიანებით საკრებულომ ცვლილება შეიტანა, როგორც გამგეობის დებულებაში, ისე გამგეობის ადმინისტრაციის დებულებაში. ეს კი იმით იყო გამოწვეული, რომ მოქალაქეთა მომსახურების ბიურო (მმბ) რომელიც სულ ახლახან GIZ-ის დახმარებით გაიხსნა, გამგეობის ადმინისტრაციაში გაერთიანდება. /ქიზიყი/
* * *
ატესტაციის დამატებითი ეტაპი 16-17 აპრილს გაიმართება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, 16 და 17 აპრილს ატესტაცია ჩაუტარდებათ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მოხელეებს, აგრეთვე სოფელ არხილოსკალოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს შალვა ხორნაულს.
როგორც ცნობილია, მათ 5-6 და 12 მარტს დანიშნული ატესტაცია გადაუვადდათ ობიექტური მიზეზების გამო. ატესტაციის შემდეგ საკონკურსო-საატესტაციო კომისია დადებს შესაბამის დასკვნას საჯარო მოხელეთა დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის თაობაზე, ვაკანტურ ადგილებზე კი კონკურსი გამოცხადდება.
წინასწარი ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში წელს ჩატარებული ტესტირების შედეგად 12 საჯარო მოხელე ჩაიჭრა. /ქიზიყი/
* * *
ინვესტორის ულტიმატუმის გამო დედოფლისწყაროს მედპერსონალი კერძო კლინიკის გახსნას გეგმავს
პროგნოზი იმის შესახებ, რომ დედოფლისწყაროს საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების ებრაულ ინვესტორზე გაყიდვის შემთხვევაში მედიკოსთა უმრავლესობას სამსახურების დატოვება მოუწევდა, გამართლდა (ამის შესახებ "სპექტრი" 2010 წლის #30(296)-ში წერდა). შემცირება უკვე 18 ექთანს შეეხო. მედპერსონალი შიშობს, რომ მათ ბედს ექიმებიც გაიზიარებენ.
დედოფლისწყაროს საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანებიდან გათავისუფლებული ექთნები "სპექტრთან" კომენტარს არ აკეთებენ, სამსახურის დაკარგვის შიშით საუბრისგან თავს იკავებენ ექიმებიც, სამაგიეროდ მღელვარებას არ ფარავენ შეშფოთებული პაციენტები.
“როდესაც ექიმთან კონსულტაციაზე მოვდიოდი, მსინჯავდა, ჩანაწერს და მიმართვას კი ექთანი აკეთებდა და ეს ყველაფერი დროში მაინც იწელებოდა, ახლა ექიმმა ეს ერთდროულად უნდა შეასრულოს, ე. ი. ორჯერ მეტი დრო დასჭირდება. რიგში უამრავი ადამიანია და ლოდინისგან უარესად ავად ხდებიან,” _ გვითხარა თინა წიკლაურმა.
“წინა თვეში ვირუსების გამო ბავშვი ვერ აცრეს, ახლა ამბის გასაგებად მოვედი, მითხრეს, რომ პედიატრის ექთანი, რომელიც ვაქცინაციას აკეთებდა, შეუმცირებიათ. როგორ შეიძლება ბავშვთა ექთანი შეამცირო, მაშინ როდესაც ყველაზე მეტი პაციენტი მაინც პედიატრიაშია? ამბობენ, ეს ექიმებიც მიზერულ ხელფასზე დატოვესო, სჩანს ინვესტორი ძალიან გაუმეტარია,” _ ამბობს მშობელი ეკა შათირიშვილი.
მართალია, ექიმები კომენტარისგან თავს იკავებენ, მაგრამ პირად საუბარში არ ფარავენ, რომ ინვესტორის ულტიმატუმი ასეთია: “იმ შემთხვევაში იმუშავებთ, თუ თვეში 1000 ლარს შემოიტანთო.” ამის გამო დედოფლისწყაროელ მედიკოსთა უმეტესობა კერძო კლინიკის გახსნას გეგმავს. პოლიკლინიკა-საავადმყოფოს ექიმმა-სტომატოლოგებმა უკვე მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, ცალკე გასვლას აპირებენ ლაბორანტი ექიმებიც. ინვესტორი, კი როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ დროისთვის სარემონტო სამუშაოებს იწყებს. /სპექტრი/ ლალი მეხრიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий