დედოფლისწყაროში, თამარის ქუჩაზე მცხოვრები 63 წლის ოლია ტუსაშვილი გაუსაძლის ვითარებაში იმყოფება. მარტოხელა პენსიონერი გაზეთ „ქიზიყთან“ საუბარში ამბობს, რომ ავარიულ ბინაში ცხოვრობს და დიდია ალბათობა, კედლის ჩამონგრევისას ცოცხლად დაიმარხოს... ქალბატონი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.
ოლია ტუსაშვილს საცხოვრებელი ჭერის გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობაც აწუხებს: „ახალი ნაოპერაციები ვარ, სიმსივნე მაქვს, ონკოლოგიური ავადმყოფი გახლავართ, აღრიცხვაზე ვარ და მუდმივი მკურნალობა მჭირდება. შემოსავალი კი არსაიდან მაქვს. სახლი თავზე მენგრევა, კედელი და კიბე სადაცაა ჩამოინგრევა. არ ვიცი რა ვქნა, ჭერიდანაც წყალი ჩამომდის, წვიმის დროს ყველაფერი გამიფუჭდა. წამლის ფულიც არ მაქვს, გამოკვებას ძლივს ვახერხებ და სახლი როგორ გავამაგრო... არადა ასე ცხოვრებაც სახიფათოა. გამგეობაში, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს დავით ჯიბღაშვილს ბევრჯერ მივმართე, მაგრამ ბიუჯეტში საშუალება არ არის, ვერ დაგეხმარებიო, უარით გამომისტუმრა. რამდენჯერმე მივედი, მაგრამ რეალური დახმარება ან იმედი, ჩემთვის არავის მოუცია. რა აზრი აქვს გამგეობაში სიარულს, მაიც არაფრად გვაგდებენ.“ - აცხადებს მარტოხელა ქალბატონი, რომელიც უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად ვერც სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამაში მოხვდა. ამდენად, ოლია ტუსაშვილი სახელმწიფოსგან ვერც საარსებო შემწეობას იღებს, რაც მის ყოფას კიდევ უფრო ართულებს.
გაუსაძლის ვითარებაში არსებული მარტოხელა ქალბატონის გამგეობაში კიდევ ერთ ვიზიტს ინციდენტი მოჰყვა, რასაც გაზეთ „ქიზიყის“ კორესპონდენტი ექსკლუზიურად შეესწრო.
დედოფლისწყაროს გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსისგან გაწბილებული და უარით გამოპანღურებული ქალბატონი გამგეობის კორიდორში იდგა და შველას უშედეგოდ ითხოვდა. სულ მალე, გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსი გიორგი გონაშვილი მივიდა და დამცინავი ტონით ტუსაშვილს გამოელაპარაკა. გონაშვილმა არც ტონის აწევა და ყვირილი ითაკილა: „ფული არ არი, ფული არ არი ქალოოო, ვერ გაიგე? აბა რა მოგცეთ“... - ისეთი ღვარძლიანი ტონით და ირონიით დასჩხაოდა გონაშვილი ღატაკს, მის ნაცვლად თავი შეურაცხყოფილად ჩვენ ვიგრძენით... გონაშვილი კაბინეტის კარში იდგა და ქალბატონს შიგნით შესვლის საშუალებასაც არ აძლევდა.
გონაშვილის საქციელით სახტად დარჩენილნი იქვე ინფრასტრუქტურის სამსახურის შეფს დავით ჯიბღაშვილს ჩავეკითხეთ. ჯიბღაშვილმა სწორედ ამ დროს გამოიარა დერეფანში, თუმცა „ქიზიყის“ კითხვაზე, რა პასუხი აქვს მას ხსენებულ ქალბატონზე, ბატონი დავითი ნარნარით კიბეებზე მდუმარედ დაეშვა და ყურიც არ შეიბერტყა... სიტყვა არაფერზე დასცდენია ... როგორც სჩანს, ხალხის ხმა ზოგიერთ მაღალჩინოსნამდე ვერ აღწევს... ინციდენტს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელიც შეესწრო. გონაშვილს ჩოხელიც დაემოწმა, საუბარში ჩაერთო და ფული არ გვაქვსო, ერთობლივი ძალებით დაიწყეს უმწეოსთვის თვალის ახვევა... მას შემდეგ, რაც შენიშნეს, რომ მომხდარს თვალყურს გაზეთ „ქიზიყის“ კორესპონდენტიც ადევნებდა, ტონს დაუწიეს, თუმცა გონაშვილი თავისას არ იშლიდა...
„ძალიან შეურაცხყოფილი და დამცირებული ვარ შვილო, გამგებელს სამი ათასი აქვს ხელფასი, სამსახურის უფროსებს ყოველთვე ათასი ლარი და... ჩვენთვის კი ლუკმის გადმოგდებაც არ უნდათ... ასეთ დამოკიდებულებას არ ველოდი, მომხდარზე ძალიან ვინერვიულე და განვიცადე“ - აცხადებს ოლია ტუსაშვილი.
გაზეთ „ქიზიყის“ ადმინისტრაცია მომხდარს გმობს, უტაქტობად და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებად აფასებს, დედოფლისწყაროელ მაღალჩინოსნებს კი მოქალაქეებისადმი უპატივისმცემლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. იმის გათვალისწინებით, რომ დედოფლისწყაროში მაღალჩინოსნების მიერ მოსახლეობის შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტებმა ბოლო დროს ტრადიციული ხასიათი მიიღო „ქიზიყი“ დედოფლისწყაროს გამგებელს მისი თანაგუნდელების მოსახლეობასთან დამოკიდებულების შესწავლას, ამ საკითხის გადახედვას და შესაბამის რეაგირებას ურჩევს, სამსახურის უფროსებს კი მეტი წინდახედულებისკენ მოუწოდებს. /ქიზიყი/
ილია მარტყოფლიშვილი
თამილა გურაშვილი
* * *
ჯაფარიძელები წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ
დათო ჯიბღაშვილი დამცინავად მეუბნებოდა, ხალხს ნუ აბუნტებ, ეს ყველაფერი შენი მოწყობილიაო
სოფელ ჯაფარიძის მოსახლეობა წყლის მიწოდებით უკმაყოფილოა და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, ადგილობრივებთან ამ პრობლემაზე სასაუბროდ გამგეობის თანამშრომლებიც ჩავიდნენ, თუმცა რეალური რეაგირების ნაცვლად მაღალჩინოსნებმა მოსახლეობასთან ირონიული დამოკიდებულება გამოამჟღავნეს... „რაც ე.წ. „ჭირხლის“ წყალზე მიგვაერთეს, მას შემდეგ წყალი აღარ მოდის. საუბნო ონკანებიც დააყენეს, მაგრამ საქაჩიდან წყალი ჩვენამდე ვერ აღწევს. აღმართზე ამოსვლა უჭირს. ფაქტობრივად ეს პროგრამა უხარისხოდ განხორციელდა. მოსახლეობის თხოვნაა, რომ ჭირხლის წყლის ნაცვლად სხვა წყაროზე შეგვაერთონ და იქნებ დავისვენოთ. ამ დღეებში გამგეობის თანამშრომლები და სამსახურის უფროსებიც მოვიდნენ, შევხვდით, გვეგონა პრობლემა მოგვარდებოდა და ჩვენს ტკივილს რეალურად გაითვალისწინებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ირონიული პასუხებისა და დამცინავი ტონის მეტი ვერაფერი მოვისმინეთ... უიმედოდ ჩაიარა ამ შეხვედრამაც“ - აცხადებენ ჯაფარიძის მაცხოვრებლები მაყვალა ბენაშვილი, ლელა წიკლაური და ხათუნა ხუციშვილი. „შეხვედრაზე გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ჯიბღაშვილი ისე დამცინავად მეუბნებოდა, შენ აბუნტებ ამ ხალხს, ეს ყველაფერი შენი მოწყობილიაო. არადა ისეთს რას ვითხოვთ, წყლის მოწესრიგება გვინდა. წყალსაც გვაყვედრიან და წესიერად არ აკეთებენ. ვირის ტაჭკებით ძლივს ვეზიდებით. ციცასწყაროდან, ხევიდან ამოგვაქვს ამხელა ბალონები და დავიღალეთ მისი ზიდვით, ზოგს ურიკებით მოაქვს... გაუსაძლისი ყოფაა.“ -- აღშფოთებას ვერ ფარავს ადგილობრივი, დარეჯან ქარსამაული.
სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს სოფელ ჯაფარიძეში რეზერვუარის შეკეთება და წყალშემკრები ჭების რეაბილიტაცია განხორციელდა. როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, სამუშაოებზე რომელიც შპს „ტექნოთერმმა“ შეასრულა, 13 900 ლარი დაიხარჯა. ყველაფრის მიუხედავად, ჯაფარიძელები მიიჩნევენ, რომ სამუშაოები უხარისხოდ განხორციელდა და რეალური შედეგი არ მოუტანია. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
ახალშობილთა ერთჯერადი დახმარება დედოფლისწყაროში 300 ლარამდე გაიზარდა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაბადებული ყველა ახალშობილი ერთჯერადი დახმარების სახით 100-ის ნაცვლად 300 ლარს მიიღებს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ბაღაშვილმა გაზეთ „ქიზიყს“ განუცხადა, დეპუტატებს ერთჯერადი ჯილდოს გასამმაგების შესაძლებლობა სოც-პაკეტის გაზრდის შემდეგ მიეცათ... ლევან ბაღაშვილი: „მიმდინარე წლიდან დედოფლისწყაროში ახალშობილები ერთჯერადად 100-ის ნაცვლად უკვე 300 ლარს მიიღებენ. ეს სასიკეთო ცვლილება კი მუნიციპალიტეტის სოც-პაკეტის გაზრდის შემდეგ გახდა შესაძლებელი“ შეგახსენებთ, წინა მოწვევის საკრებულო აქტიურად განიხილავდა საკითხს, რომ ახალშობილთა დახმარება ყველა დაბადებულის ნაცვლად, მხოლოდ სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების შვილებზე გაცემულიყო. თავის დროზე, ეს საკითხი საკრებულოს სხდომათა დარბაზსა და ადგილობრივ პრესაში დიდი აჟიოტაჟისა და დისკუსიის საბაბი გახდა. საკრებულოს წევრთა დიდი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ყველა ახალშობილის დაჯილდოვებით და თანხის გაზრდით დედოფლისწყაროში შობადობის მაჩვენებელი ბევრად გაიზრდებოდა და ეს ნაბიჯი გარკვეულწილად წამახალისებელი ღონისძიება იქნებოდა. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий