вторник, 5 июня 2012 г.

ირაკლი ღარიბაშვილი: „დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატების პირველ ნაწილში დედოფლისწყარო არ მოხვდება“

EXCLUSIVE - ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელად წოდებული ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატების პირველ ნაწილში დედოფლისწყარო არ მოხვდება. ღარიბაშვილი ნეტგაზეთ „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ დედოფლისწყაროში კოალიცია სწორედ მის კანდიდატურას განიხილავს და ამ საკითხზე თვადაც ფიქრობს, თუმცა ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„გიდასტურებთ, რომ დედოფლისწყაროში მაჟორიტარული სიით ჩემი კანდიდატურა განიხილება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დატვირთული გრაფიკი და ძალიან ბევრი საქმე მაქვს, შესაძლოა, ვერ მოვახერხო. ბოლომდე ჩამოყალიბებული ჯერ არ ვართ, თუმცა ყველაფერი ივნისის მეორე ნახევარში გაირკვევა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მაჟორიტარი კანდიდატების პირველ ნაწილში, რომელსაც კოალიცია სულ მალე დაასახელებს დედოფლისწყარო არ მოხვდება,“ - განუცხადა „ქიზიყს“ ირაკლი ღარიბაშვილმა.

ის დედოფლისწყაროს კულტურის სახლში ორი დღის წინ გამართულ შეხვედრაზე საკმაოდ ვრცელი და კრიტიკული სიტყვით გამოვიდა. თანარაიონელების ნაწილმა მისი ეს ჟესტი საკუთარ რაიონში საარჩევნო კამპანიის დაწყებად შეაფასა.

პოლიტიკური კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატების ნახევარზე მეტი უკვე შერჩეული ჰყავს. მათი მტკიცებით ივნისის პირველ ნახევარში მაჟორიტართა პირველი ნაწილის გვარები გამოქვეყნდება.

რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რჩება ხუთიდან ათამდე რეგიონი, სადაც ჯერ გადაწყვეტილებაც მიღებული არ არის.

„ჩვენ კარგი ასარჩევი ხალხი გვყავს ჩვენი გუნდიდან. ეს კარგი პროცესია და აუცილებლად მოვახერხებთ მაჟორიტარების არჩევას. დაახლოებით 7-8 რაიონში ჯერ კიდევ ვერ გამოიკვეთა კანდიდატი. მაჟორიტარების ვინაობის დასახელებას დავიწყებთ არა უგვიანეს 1 ივნისიდან, შემდეგ პროპორციულად ივნისის შუა რიცხვებამდე, ალბათ, მაჟორიტარების მაქსიმალურ რაოდენობას დავასახელებთ“, _ განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ კოალიციის შიგნით საარჩევნო სიაში პოლიტიკოსების ნომრების შესახებ ჯერჯერობით მსჯელობა არ ყოფილა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий