среда, 20 июня 2012 г.

ზაზა კედელაშვილმა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ კომენტარი გააკეთა

დედოფლისწყაროელმა სპორტსმენმა ზაზა კედელაშვილმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე პირველი კომენტარი გააკეთა. უკვე ყოფილი სპორტსმენი, ძიუდოისტი ზაზა კედელაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას არ გამორიცხავს. გავრცელებული ინფორმაციით ნაციონალური მოძრაობა კედელაშვილს დედოფლისწყაროში მაჟორიტარობის კანდიდატად განიხილავს. ამის თაობაზე ინფორმაცია მედიაში აქტიურად ვრცელდება. თუმცა, როგორც თავად ძიუდოისტმა აღნიშნა, ამის შესახებ მმართველი პარტიისგან მას არანაირი შემოთავაზება არ ჰქონია.

"არანაირ შემოთავაზებას და არანაირ მოლაპარაკებას ნაციონალური მოძარობის მხრიდან ჯერ-ჯერობით ადგილი არ ჰქონია. არ ვიცი ვინ ავრცელებს ჩემს მაგივრად ამ ინფორმაციას,"- განუცხადა "ივერონს" ზაზა კედელაშვილმა.

მისივე განმარტებით, შემოთავაზების მიღების შემთხვევაში ის პოლიტიკაში აქტიურად ჩაბმას არ გამორიცხავს: "გამორიცხული არაფერი არ არის. თუ ჩემს ქვეყანას ჩემი დახმარება დასჭირდება, შემოთავაზების შემთხვევაში უარს სავარაუდოდ არ ვიტყვი" - განმარტა კედელაშვილმა.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის სამგზის ჩემპიონი ძიუდოში ზაზა კედელაშვილი ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობიდან" კენჭისყრას გეგმავს. 19 აპრილს მმართველი გუნდის მიერ დედოფლისწყაროში გამართული შეხვედრის დროს რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ კედელაშვილი საჯაროდ პირველად გამოჩნდა. მოგვიანებით შეხვედრა მის მშობლიურ სოფელში გაიმართა, რომელიც კედელაშვილის კანდიდატად წარდგენად შეფასდა. თუმცა მმართველი გუნდი აღნიშნულ ინფორმაციას ამ დრომდე არ ახმაურებს და აცხადებს, რომ დედოფლისწყაროში "ნაციონალური მოძრაობის" შესაძლო კანდიდატის ვინაობა ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ზაზა კედელაშვილი 2006 წელს "ნაციონალური მოძრაობის" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელად მუშაობდა, რის შემდეგაც პოლიტიკურ ასპარეზზე აღარ გამოჩენილა. აღსანიშნავია, რომ ზაზა კედელაშვილი შსს-სთან დაახლოებული პირიცაა, კერძოდ, გენინსპექციის ყოფილი უფროსის ვასილ სანოძის ახლო მეგობარია და შსს-ს "ქსივითაც" არის უზრუნველყოფილი.

Комментариев нет:

Отправить комментарий