вторник, 19 июня 2012 г.

მიწისძვრით დაზარალებული 6 ოჯახი დედოფლისწყაროს გამგეობას დახმარებას სთხოვს

EXCLUSIVE - 7 მაისის მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი ბინების დაზიანების ფაქტზე დედოფლისწყაროს გამგეობაში ექვსი ოჯახის განცხადებაა შესული. ამის შესახებ „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს გამგეობის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროში განუცხადეს.

„ყველაზე მეტად დახმარებას საზღვრისპირა სოფლებიდან, ქედების ზონის მოსახლეობა ითხოვს. მათი ბინები მხოლოდ მიწისძვრას არ დაუზიანებია, თუმცა თავად მიიჩნევენ, რომ რყევების შედეგად საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. გამგებლის სახელზე რამდენიმე განცხადებაა შემოსული, რომელიც შესწავლის პროცესშია,“ – აღნიშნავს მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს სპეციალისტი გოგიტა რობიტაშვილი.

დედოფლისწყაროს საკრებულომ „სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალის დამდგენი კომისია“ შექმნა, თუმცა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილმა განმარტა, კომისია მხოლოდ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზეა ორიენტირებული. ამდენად, კომისია ბინების მდგომარეობით ვერ დაინტერესდება.

„საკითხს გამგეობის შესაბამისი სამსახური შეისწავლის. თუ დაიდო დასკვნა, რომ რომელიმე მათგანის საცხოვრებელი ბინა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, ამ შემთხვევაში გამგეობა ოჯახს დროებით საცხოვრებელ ფართს მოუნახავს და ბიუჯეტიდან ბინის ქირით უზრუნველყოფს,“ – განუცხადა „ქიზიყს“ ზაზა ფიროსმანაშვილმა.

5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მისწისძვრა მიმდინარე წლის 7 მაისს, დაახლოებით 8:40 წუთზე მოხდა. ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან 25 კილომეტრის დაშორებით, აზერბაიჯანში,ზაქათალას რაიონში დაფიქსირდა. რყევები საქართველოშიც მძლავრად იგრძნობოდა. /ქიზიყი/ ჯეონიუსი ; საქართველო&მსოფლიო ;

Комментариев нет:

Отправить комментарий