
EXCLUSIVE – მსოფლიო თასის მფლობელი და ევროპის სამგზის ჩემპიონის ზაზა კედელაშვილის მიერ, დედოფლისწყაროში გამართულ, ბიძინა მაზიაშვილის ხსოვნის მეორე რესპუბლიკურ ტურნირზე საჩუქრების დარიგებასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია შეფასებას აკეთებს. დაირღვა თუ არა მოქმედი კანონი, ამ ფაქტზე კომენტარი გავლენიანი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა „ქიზიყის“ ჟურნალისტთან საუბრისას ექსკლუზიურად გააკეთა.
„კედელაშვილის ეს ქმედება, შესაძლოა, განხილული იყოს როგორც საარჩევნო კამპანია. თუმცა, სანამ ამ კანდიდატის საჯაროდ დასახელება, ან წარდგენა არ მოხდება, მედიის საშუალებით მაინც, მანამდე ვერ მოვედავებით. ამ შემთხვევაში საჩუქრების გადაცემა შეიძლება ითქვას მისი სახელის წინ წამოწევისთვის იყო გაკეთებული, თუმცა თუ ჯერ ოფიციალურად არ დასახელებულა და არც კანდიდატთა სია არსებობს, ჯერ სამართლებრივად ვერ მოვედავებით. რადგან პრიზები მისი სახელობის იყო და მათზე გვარი-სახელიც დატანილი, შესაძლებელია პიარკამპანიად შევაფასოთ. ამ კანდიდატის საჯარო წარდგენა ღიად უკვე რომ მომხდარიყო, ასეთ შემთხვევაში კანდიდატიც ისჯება და საჩუქრის მიმღებიც. დეკემბერში და ახლახან განხორციელებული მორიგი ცვლილებების შეტანის შემდეგ ორივე მხარე ისჯება. საკითხავია ისიც, ეს საჩუქრები კონკრეტულად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიძინა, თუ სპორტსმენმა საკუთარი სახსრებით იყიდა. პარტიას ეს ცალსახად ეკრძალება. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მომხდარის უკან სულ სხვა მიზნები იკვეთებოდეს, თუმცა კონკრეტული სამართლებრივი რეაგირება ნაადრევია. თუ კანდიდატად წარდგენის შემდეგაც იგივე ქმედებას განახორციელებს, თუნდაც უმნიშვნელო საჩუქრის გადაცემის შემთხვევაშიც, მოქმედი კანონით, ორივე მხარე დაისჯება,“ – განუცხადა „ქიზიყს“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.
კედელაშვილმა ტურნირზე საკუთარი სახელობის სამი თასი და ასევე, საჭიდაო კიმანოები დააწესა, რომლებზეც მისი გვარი სახელია ამოტვიფრული. დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, ტურნირზე ზაზა კედელაშვილის თასი გადაეცათ 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიგა იმერლიშვილს, 50 კილოგრამ კატეგორიაში გიორგი წიკლაურს, ხოლო 35 კილოგრამ წონაში გიორგი თინაშვილს. კედელაშვილმა საჭიდაო კიმანოები გადასცა 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნიკა ზვიადაურს, 40 კილოგრამ წონაში ლაშა ბექაურს და სოფელ არხილოსკალოს გუნდს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий