среда, 23 мая 2012 г.

ანა ასანაშვილი: ივანიშვილის მოქალაქეობას ხელი მოვაწერე და დახმარება მომიხსნეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში მცხოვრები მარტოხელა პენსიონერი ანა ასანაშვილი მიიჩნევს, რომ სოციალური დახმარება ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მიღებაზე ხელმოწერის შემდეგ მოუხსნეს.

როგორც თავად ამბობს, მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აუხსნეს, რომ დახმარება ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის გამო შეუჩერდა. ასანაშვილმა კი რადიო “ჰერეთთან“ განაცხადა, რომ მას საზღვარი არ გადაუკვეთავს და 2 თვის განმავლობაში მხოლოდ შვილთან იმყოფებოდა სტუმრად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ასანიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ სოციალური დახმარების ადგილობრივი სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა პირად საუბარში ჰკითხა, ხომ არ ჰქონდა ივანიშვილის მოქალაქეობის მიღების მხარდაჭერაზე ხელი მოწერილი. პენსიონერმა ასანაშვილმა გაიხსენა და არც დაუმალავს, რომ მან მართლაც მოაწერა ხელი აღნიშნულ დოკუმენტს. ასანაშვილი თვლის, რომ დახმარების მოხსნის მიზეზი სწორედ ეს ფაქტი გახდა.

რადიო "ჰერეთი" დედოფლისწყაროს "სოციალური მომსახურების სააგენტოს" დაუკავშირდა. სამსახურის უფროსი ზურაბ ზურაშვილი დაგვპირდა, რომ საქმის კურსში გაერკვეოდა და პასუხს ამის საფუძველზე მოგვიანებით გაგვცემდა, თუმცა რადიო "ჰერეთის" მორიგ ზარებს ზურაშვილმა აღარ უპასუხა და შესაბამისად კომენტარიც არ გააკეთა. /ჰერეთი/ აუდიო>>

Комментариев нет:

Отправить комментарий